უკრაინის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია და სასულიერო პირები ავრცელებენ.
97 წლია პატრიარქის გარდაცვალების შესახებ დაწერა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემაც.
“დღეს ჩემს გულში, როგორც მრავალი უკრაინელის გულში, სუფევს ღრმა სევდა და ტკივილი, რადგან დასრულდა წმინდა პატრიარქ ფილარეტის მიწიერი ცხოვრება.
მოვუწოდებ სრულიად უკრაინულ სამრევლოს, გულმხურვალე ლოცვა აღავლინოს ახლად გარდაცვლილი პატრიარქ ფილარეტის სულის მოსახსენებლად, რომელიც დღეს უფალთან წავიდა. ვევედრებით ყოვლადძლიერ ღმერთს, მიიღოს ის თავის ზეციურ სასუფეველში. გულითად სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილი მღვდელმთავრის ოჯახს.
ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება პატრიარქ ფილარეტის მოწოდებები უკრაინის ეკლესიის ერთობის შენარჩუნების მნიშვნელობის შესახებ კიევის საყდრის გარშემო. გვახსოვდეს და შევასრულოთ მისი სწავლება და დარიგებები ეკლესიური ერთობის მნიშვნელობაზე, ღვთის ნებისა და ეკლესიის სისავსის წინაშე მორჩილებაზე, ასევე ღვთის, ქრისტეს ეკლესიისა და უკრაინელი ხალხისადმი თავდადებული მსახურების შესახებ.
პატრიარქ ფილარეტის გულისცემა 98-ე წელს შეწყდა. თუმცა მისი ხსოვნა ლოცვით სამუდამოდ დარჩება ადგილობრივ ავტოკეფალურ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაში. ნათელი და მარადიული იყოს მისი ხსოვნა, ხოლო მისი სული ზეცაში ხარობდეს იმ კეთილი ნაყოფებით, რომლებიც მისმა კეთილმა შრომამ ამქვეყნად გამოიღო და კვლავაც გამოიღებს.
ცათა სასუფეველი, მარადიული ხსოვნა და საუკუნო განსვენება განსვენებულ პატრიარქ ფილარეტს!”, — წერს ის.
პატრიარქის გარდაცვალებსი შესახებ სოციალურ ქსელში წერს მიტროპოლიტი ევსტრატი ზორიაც.
“მართლმადიდებელი ეკლესიის უკრაინის წინამძღვარი და კიევის მიტროპოლია ღრმა მწუხარებით აცნობებს სრულიად უკრაინის სამწყსოს, რომ 2026 წლის 20 მარტს, ქრონიკული დაავადებების გამწვავების შედეგად, სიცოცხლის 98-ე წელს, მონაზვნობის 77-ე და მღვდელმთავრობის 65-ე წელს, ღმერთში განისვენა კიევისა და სრულიად რუსეთ-უკრაინის საპატიო პატრიარქმა ფილარეტმა“, — ნათქვამია მიტროპოლიტ ევსტრატი ზორიას განცხადებაში.
ფილარეტი ტომოსის მიღებამდე კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას ხელმძღვანელობდა. 2018-2019 წლებში, როდესაც მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ახალ ეკლესიას ტომოსი [ავტოკეფალიის დოკუმენტი] გადასცა, ფილარეტმა მართვის სადავეები მიტროპოლიტ ეპიფანეს სასარგებლოდ დათმო, თავად კი საპატიო პატრიარქის ტიტული მიიღო.

