უკრაინის ოდესის ოლქში, 20 მარტის ღამეს, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი სამოქალაქო კომერციული გემი დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერზე, საზოგადოებისა და ტერიტორიული განვითარების მინისტრზე ალექსეი კულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კულებას ცნობით, თავდასხმა პალაუსა და ბარბადოსის დროშების ქვეშ მცურავ გემებზე მოხდა და დაშავდა ორი ადამიანი.
„ოდესის ოლქში ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დრონებმა დააზიანეს ორი სამოქალაქო კომერციული გემი, რომლებიც პალაუსა და ბარბადოსის დროშების ქვეშ დაცურავენ. ორი ადამიანი დაშავდა და სამედიცინო დახმარება გაეწიათ“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.
მისი თქმით, დარტყმის დროს გემები ნავმისადგომებთან იმყოფებოდნენ და მარცვლეულით იყვნენ დატვირთულები. თავდასხმის მიუხედავად, გემები წყალში რჩებიან.
„დაზიანდა ადმინისტრაციული შენობებიც. ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა სწრაფად ჩააქრეს. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება“, – აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

