მინსკში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელ ჯონ კოულსა და ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შორის შეხვედრა გაიმართა, რომელიც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების წარმოებას ისახავდა მიზნად.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კოულს დაავალა, სცადოს იმ 1 100-ზე მეტი ბელარუსელის გათავისუფლება, რომლებიც, ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფების თანახმად, ამჟამად ციხეში პოლიტიკური ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობის გამო იმყოფებიან.
„როიტერის“ ცნობით, ლუკაშენკო კოულს ჩახუტებით შეხვდა და განაცხადა, რომ მზად იყო, „განეხილა ნებისმიერი საკითხი და ეპასუხა ნებისმიერი კითხვისთვის“. თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომებზე საუბარიც სურდა.
„ვფიქრობ, გლობალურ საკითხებზე, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე ჩემი ხედვა თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან თქვენ ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ იბრძვით. მე მზად ვარ, ეს საკითხი გულწრფელად განვიხილო“, – განაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ცნობისთვის, კოულსა და ლუკაშენკოს შორის გასულ წელს რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. წინა მოლაპარაკებების შედეგად, 2025 წლის სექტემბერში ათობით პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლეს, ხოლო დეკემბერში კიდევ 123, მათ შორის ნობელის პრემიის ლაურეატი ალეს ბიალიაცკი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მარია კალესნიკავა და ვიქტარ ბაბარიკა. სანაცვლოდ კი, აშშ-მა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა.

