აშშ-ის ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, ჯო კენტის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო გამოძიებას, სავარაუდოდ, საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის ბრალდებით ატარებს.
წყარომ „ენბისი ნიუსს“ განუცხადა, რომ გამოძიება დაიწყო იქამდე, ვიდრე ჯო კენტი, ტრამპის დიდი ხნის მოკავშირე და პენსიაზე გასული „მწვანე ბერეტი“, ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადებდა.
კენტმა, რომელიც ეროვნული დაზვერვის დირექტორთან, ტულსი გაბარდთან იყო ანგარიშვალდებული, 17 მარტს განაცხადა, რომ „არ ეთანხმებოდა ირანის წინააღმდეგ ომის დაწყების გადაწყვეტილებას და რეჟიმი არ წარმოადგენდა გარდაუვალ საფრთხეს, როგორც ამას ტრამპის ადმინისტრაცია ამტკიცებდა“.
გადადგომის შემდეგ პირველ ინტერვიუში კენტმა ჟურნალისტ ტაკერ კარლსონს განუცხადა, რომ მოლოდინი ჰქონდა, პროტესტის გამო მისი დისკრედიტაციის მცდელობები იქნებოდა. ჯო კენტის თქმით, სიამოვნებით გაესაუბრებოდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„მესმის, როგორ წამოვედი და წერილის დაწერის შემდეგ რომ ამ ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი ჩემს დისკრედიტაციას ცდილობს. ვფიქრობ, პრეზიდენტი ის ადამიანია, ვინც უსმენს. ამიტომ, ვფიქრობ, ის გვისმენს არა მხოლოდ მე და თქვენ, არამედ ბევრ სხვადასხვა ადამიანს. ფაქტობრივად, იცის, რომ ეს კარგად არ მიდის და უნდა იპოვოს გზა, რათა ამ სიტუაციიდან გამოვიდეთ“, – განაცხადა ჯო კენტმა.
17 მარტს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ეროვნული კონტრტერორიზმის ცენტრის დირექტორმა ჯო კენტმა თანამდებობა დატოვა. მან განაცხადა, რომ სუფთა სინდისით ვერ დაუჭერს მხარს ირანში მიმდინარე ომს.

