ეგვიპტე ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვას იწყებს, რის შედეგადაც მაღაზიები და კაფეები სამუშაო საათებს შეამცირებენ, – ამის შესახებ „ბრუმბერგი“ წერს.
სააგენტოს ინფორმაციით, ამის მიზეზია საწვავის ფასების მკვეთრი ზრდა, რაც ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციებთან არის დაკავშირებული.
როგორც ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა, მუსტაფა მადბულიმ განაცხადა, 28 მარტიდან სავაჭრო ცენტრები, რესტორნები და მაღაზიები კვირაში ხუთი დღის განმავლობაში 21:00 საათზე დაიხურება.
„ბლუმბერგი“ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში, სადაც „შოპინგი“ და ვახშამი ხშირად გვიანობამდე გრძელდება, ასეთი შეზღუდვები განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება.
გარდა ამისა, ენერგიის დაზოგვის ღონისძიებები მოიცავს სარეკლამო ბილბორდების განათების გამორთვას და ქუჩის განათების მინიმალურ დონემდე შემცირებას. მრავალი სახელმწიფო დაწესებულება 18:00 საათამდე დაიხურება, ხოლო ხელისუფლება განიხილავს სავალდებულო დისტანციურ მუშაობაზე გადასვლას კვირაში ერთი-ორი დღით. ეს შეეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორს.
„ჩვენ გვჭირდება საწვავისა და ელექტროენერგიის მოხმარების შეზღუდვა“, – განაცხადა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრმა.
მისი თქმით, აღნიშნულ ზომებს ერთ თვეში გადახედავენ და „თუ კრიზისი დასრულდება“, შეზღუდვები გაუქმდება.
ეგვიპტე ელექტროენერგიის წარმოებისთვის მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ბუნებრივი აირის იმპორტზე.
მადბულის თქმით, სპარსეთის ყურეში ომის დაწყებამდე ქვეყნის თვიური ხარჯები გაზის იმპორტზე დაახლოებით 560 მილიონ დოლარს შეადგენდა, ახლა კი ფასების ზრდის გამო ეს მაჩვენებელი დაახლოებით 1.65 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

