რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი შეტევა მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით. უკრაინის ხელისუფალთა ცნობით, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, დაზიანებულია სახლები და სხვა ობიექტები – ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის თანახმად, ადგილობრივი დროით 19 მარტის დილის შვიდი საათის მდგომარეობით, ქალაქ ოდესაში დაშავდა სამი ადამიანი, დაზიანდა 13 სახლი, მათ შორის 22-სართულიანი და ნაწილობრივ დაინგრა 2-სართულიანი სახლი. დაზიანებულია ერთ-ერთი უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელიც.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონებით შეტევის შედეგად რეგიონის სამ რაიონში დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა. დაიჭრა ორი ადამიანი.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 18 მარტს საღამოს დრონებით შეტევა იყო ქალაქ ლვოვზე. ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაქსიმ კოზიცკის თანახმად, ერთ-ერთი სამიზნე იყო უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობა, არის ნგრევა. სხვა შედეგები კოზიცკის არ დაუკონკრეტებია.

