წადით აბა, ნახეთ გერმანიის ბუნდესტაგში ან ბევრ სხვა პარლამენტში ერთი თუ შეგიშვებენ, ან მოქალაქეებს თუ შეუშვებენ, ან სხდომები გადაიცემა თუ არა პირდაპირ ეთერში და მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევენ თუ არა, რომ სიტყვით გამოვიდეს? ამერიკის კონგრესშიც ხშირად გვინახავს განხილვები, სადაც ადამიანები სხედან როგორც მაყურებლები და არა როგორც მონაწილეები – ჩვენთან, რიგ შემთხვევაში, დეპუტატსა და მოქალაქეს, დაინტერესებულ პირს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ,- ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატს, გიორგი შარაშიძეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
პაპუაშვილის თქმით, „რაღაც პერიოდი, თავს გვახვევდნენ, თითქოს, უნდა გვეთქვა, რომ ჩვენთან არ არის განვითარებული საპარლამენტო დემოკრატია, რაღაცნაირად უნდა დაგვეკნინებინა ჩვენი თავი და სხვებს უნდა ესწავლებინათ ჭკუა“. მისივე თქმით, „დადგა ის მომენტი, როდესაც თავდაჯერებულობა უნდა ვაჩვენოთ ყველას“.
„შესავალშიც გამოვყავი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კანონები, მათ შორის ჩვენი დემოკრატიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კანონები, რომელშიც, ვგულისხმობ კანონებს, რომლითაც თითოეულს, მათ შორის ოპოზიციასაც, რეალურად დაგიბრუნდათ თქვენი მანდატი. სხვადასხვა ჩანაწერი გვქონდა, რომ პარლამენტი გადაწყვეტილებებს ვერ იღებდა სხვადასხვა ჯგუფის, შიგნით ჩართული უცხოური დაფინანსების მქონე ჯგუფების მონაწილეების გარეშე. ეს რა იყო თუ არა შეწილება მანდატში, რომელიც მოგვანიჭა ქართველმა ხალხმა? წინა მოწვევის პარლამენტში, თქვენი პარტია იქაც იყო წარმოდგენილი, არაერთხელ მითქვამს პარლამენტის წევრებისთვის ოპოზიციიდან, რომ ყველაზე მცირე მხარდაჭერის მქონე ოპოზიციურ პარტიასაც კი, უფრო მაღალი სახალხო მანდატი აქვს, ვიდრე ყველაზე მდიდარ არასამთავრობო ორგანიზაციას.
რეალობაში ცდილობდნენ, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად მოეწყოთ. ცდილობდნენ, რომ ეკარნახათ პარლამენტისთვის საკუთარი ნება, თავს მოეხვიათ რაღაც გადაწყვეტილებები. ამიტომ, დიახ, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ პარლამენტმა სრულად აღიდგინა საკუთარი მანდატის თავისუფლად განხორციელების შესაძლებლობა.
ჩართულობა, მონაწილეობა ჩვენი მოქალაქეების უზრუნველყოფა – იშვიათია ისეთი პარლამენტი, სადაც კომიტეტებში მოქალაქეებს თავისუფლად შეუძლიათ არა მხოლოდ დასწრება, არამედ მონაწილეობა. წადით აბა, ნახეთ გერმანიის ბუნდესტაგში ან ბევრ სხვა პარლამენტში ერთი თუ შეგიშვებენ, ან მოქალაქეებს თუ შეუშვებენ კომიტეტის სხდომაზე. ან კომიტეტის სხდომები გადაიცემა თუ არა პირდაპირ ეთერში და შემდეგ მოქალაქეს შესაძლებლობას აძლევს, რომ სიტყვით გამოვიდეს? ამერიკის კონგრესშიც ხშირად გვინახავს განხილვები, სადაც ადამიანები სხედან როგორც მაყურებლები და არა როგორც მონაწილეები.
ჩვენთან, რიგ შემთხვევაში, დეპუტატსა და მოქალაქეს, დაინტერესებულ პირს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევ.
სამწუხაროდ, რაღაც პერიოდი, თავს გვახვევდნენ, თითქოს, უნდა გვეთქვა, რომ ჩვენთან არ არის განვითარებული საპარლამენტო დემოკრატია, რაღაცნაირად უნდა დაგვეკნინებინა ჩვენი თავი და სხვებს უნდა ესწავლებინათ ჭკუა. ამას ემსახურებოდა, მათ შორის, ჩემი დღევანდელი გამოსვლა.
მგონი, დადგა ის მომენტი, როდესაც ჩვენ ეს თავდაჯერებულობა უნდა ვაჩვენოთ ყველას. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ცხვირის აბზუებას, ვინმეზე ზემოდან ყურებას, მაგრამ ამავე დროს, ნიშნავს, რომ არც არავის გვინდა მივცეთ იმის უფლება, რომ თუნდაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, რომლებიც გუშინწინ ჩვენთან ერთად იყვნენ საბჭოთა კავშირში, დღეს გვიკითხონ მორალი ღირებულებებთან დაკავშირებით. ასევე, გვასწავლონ, რა არის სტანდარტები. ასე რომ ამ მხრივ მნიშვნელოვანი კანონმდებლობები მივიღეთ, ასევე, ინსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით მოგახსენეთ. ესეც ერთ-ერთი მეთოდია ფრაგმენტაციის, რაც ჩვენ ვიხილეთ, როდესაც ხდება კონსტიტუციური ორგანოების გამოშიგვნა, მათი ფუნქციების გამოცლა, ცალკე გატანა ვითომ, ურთიერთკონტროლისა და დემოკრატიული მექანიზმების გამო. სინამდვილეში კი, გარე ჩარევების მიმართ მოწყვლადობის გაზრდის გამო. შეგახსენებთ, რომ ომში მყოფ უკრაინას, ომში მყოფ პრეზიდენტს ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც აქციაზე გამოუყვანეს ხალხი, მან გადაწყვიტა ინსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება, რომელშიც პირდაპირ გარე ინტერესებია ჩადებული. ნახეთ, რომ ესეც კი არ აპატიეს – ერთი დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

