ძველი წესრიგი – ცივი ომის თუ პოსტ-ცივი ომის დროინდელი – დასრულებულია, ახალი წესრიგის დაბადება კი ყოველთვის ტკივილით ხდება. ასე ყოფილა ადრეც და ასე იქნება ახლაც, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია.
„უკრაინის ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე, როდესაც იმედი გვქონდა, რომ გაერთიანებული დასავლეთი უკრაინის დაცვას თუ ვერა, ომის შეჩერებას მაინც შეძლებდა, ვიხილეთ დაშლილი და ფრაგმენტირებული დასავლეთი და ახალი ომი ჩვენს საზღვრებთან კიდევ უფრო ახლოს, ჩვენს მეზობლებთან კიდევ უფრო მჭიდროდ. ისტორიულად ომი ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკის გაგრძელება. ხანმოკლე ილუზია, რომ ისტორია დასრულდა და სამყაროს მხოლოდ მშვიდობა მართავს, გაქარწყლდა.
თუმცა, საქართველომ მოახერხა და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეძლო გამოემუშავებინა საქართველოს სუვერენულ ეროვნულ ინტერესებსა და მშვიდობის კონცეფციაზე აგებული უსაფრთხოების დოქტრინა, რომელსაც ერთგულად და თანმიმდევრულად იცავს.
ამიტომ გვსურს დავარწმუნოთ ჩვენი ამომრჩეველი და ყველა ჩვენი მოქალაქე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა, მისი სიძლიერე და სიმტკიცე, იყო, არის და იქნება ქვეყნის დაცულობის და უსაფრთხოების მთავარი სტრატეგია, რომლის პირდაპირი მანდატიც გვაქვს ქართველი ხალხისგან. ამ მტკიცე ჯაჭვს ვერავითარი გარე ძალა, უცხოური ინტერესები და მეხუთე კოლონა ვერ გაწყვეტს.
ამ რთულ დროში კი ჩვენი გზამკვლევი და მომავლის ჩირაღდანი ისევ ის საუნჯეა, რაც დაგვიტოვეს წინაპრებმა – ჩვენი მამული, ჩვენი ენა და ჩვენი სარწმუნოება. საქართველო უპირველეს ყოვლისა – ეს არის ჩვენი მთავარი სათქმელიც და ჩვენი მთავარი იდეოლოგიაც.
ყველას გისურვებთ სამშობლოს ერთგულებით, ერთობითა და სიყვარულით საქმიანობას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

