მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერის გუშინდელი შეხვედრა „აუდიტორია 115“-ის წევრებთან რეფორმის პროცესში სტუდენტების აქტიურ ჩართულობას ემსახურება.
დიალოგი სტუდენტთა ჯგუფებთან მომავალშიც გაგრძელდება. მთავრობა პროცესის მაქსიმალურ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.
”განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმა, რომელიც უფრო მაღალ ჩართულობას გულისხმობს, მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის ერთ-ერთი ქვაკუთხედია. პროცესის მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფის მიზნით, მთავრობა მასში ყველა დაინტერესებული ჯგუფის ჩართვისთვის მზად არის. დიალოგისა და ჩართულობის შედეგად, მისაღები კანონმდებლობის ხარისხი კიდევ უფრო გაიზრდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მზადყოფნას გამოთქვამს, საჯარო განხილვების პროცესში პირადად ჩაერთოს.
ასევე, ფოკუს ჯგუფებთან შეხვედრებს განაგრძობს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, რასაც საჯარო განხილვები მოჰყვება.