უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ირანის მიერ უკრაინის მიმართ გამოთქმული მუქარა ჰგავს სერიული მკვლელის ქცევას, რომელიც თავის დანაშაულს ამართლებს. განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გეორგი ტიხიმ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
ტიხი ამგვარად გამოეხმაურა ირანის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელის, იბრაჰიმ აზიზის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინა დრონების მოგერიების საკითხზე ისრაელისთვის გაწეული დახმარების გამო თეირანისთვის „ლეგიტიმურ სამიზნედ” იქცა.
“ამ კონტექსტში აბსურდულია, როცა ამ რეჟიმის ზოგიერთი წარმომადგენელი ემუქრება უკრაინას და, ამავდროულად, საუბრობს თავდაცვის უფლებაზე, რომელიც გაწერილია გაერო-ს ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლში. ეს იგივეა, რომ სერიული მკვლელი ამართლებდეს თავის დანაშაულებს სისხლის სამართლის კოდექსზე დაყრდნობით“ – თქვა ტიხიმ.

