ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აუცილებელია, დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებში მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს” – “ლელო – ძლიერი საქართველო“

დღეს საქართველოს სჭირდება, დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით, – ამის შესახებ ნათქვამია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ განცხადებაში, რომელიც პარტიის ლიდერთა სათათბიროს შეხვედრის შემდეგ მიიღეს.

“დღეს საქართველოს ირგვლივ შექმნილია უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური ვითარება. რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები და საქართველოს უშუალო სიახლოვეს შეიარაღებული კონფლიქტები მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს და საქართველოს ახალი, სერიოზული გამოწვევების წინაშე აყენებს.
ამ ფონზე განსაკუთრებით საგანგაშოა ქვეყნის შიგნით არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც კიდევ უფრო ასუსტებს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და ამცირებს ქვეყნის შესაძლებლობას, ეფექტურად უპასუხოს გარე საფრთხეებს.

სამწუხაროდ, არსებული ვითარება მნიშვნელოვნად დამძიმდა იმ პოლიტიკის შედეგად, რომელმაც საქართველო სტრატეგიული პარტნიორებისგან ფაქტობრივად იზოლირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. საქართველოს უსაფრთხოება, სტაბილურობა და განვითარება კი შეუძლებელია ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერისა და დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე. საქართველო ამ საერთაშორისო იზოლაციიდან ვერ გამოვა პოლიტიკურ პროცესში მნიშვნელოვანი გადატვირთვის გარეშე.

ამ ფონზე საგანგაშოა, რომ ქვეყანაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება მხოლოდ ღრმავდება. პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ასობით მოქალაქე, რეპრესიული საკანონმდებლო ინიციატივები, ოპოზიციური პარტიებისა და მათი ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე სამართლებრივი დევნა და, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ზეწოლა კიდევ უფრო ამძაფრებს კრიზისს.

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნამ დაადასტურა საქართველოში არსებული პოლიტიკურ-სამართლებრივი ღრმა კრიზისი; ეს დასკვნა არის საერთაშორისო საზოგადოების ვერდიქტი „ქართული ოცნების“ მიმართ და პირდაპირ ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური კურსის პირობებში, სტაბილური და ევროპული მომავლის მქონე მთლიანი და ძლიერი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების პერსპექტივა არ არსებობს.

ამ ყველაფერმა შეიძლება, მიგვიყვანოს იმ ვითარებამდე, როდესაც გამოსავლის მოძებნა, პოლიტიკური ნების არსებობის პირობებშიც კი, უკვე შეუძლებელი გახდეს.
ასეთ ვითარებაში ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესები მოითხოვს პოლიტიკური დაპირისპირების სწრაფ დეესკალაციას და პასუხისმგებლობიან, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს.
უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგიონში არსებული უმძიმესი გამოწვევების ფონზე, დღეს საქართველოს სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა, ეროვნული კონსოლიდაცია და ძლიერი დემოკრატიული ლეგიტიმაციის მქონე პოლიტიკური სისტემა.

დღეს საქართველოს სჭირდება, რომ დაიწყოს ქვეყნის შიდა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაზე ორიენტირებული ფართო პოლიტიკური დიალოგი, უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოების წარმომადგენელთა აქტიური ჩართულობით.

აუცილებელია, გადაილახოს ურთიერთდაპირისპირების – ურთიერთგანადგურების დამანგრეველი ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური მოლაპარაკებები „ქართულ ოცნებასა“ და იმ ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა მოიპოვეს, მიუხედავად არჩევნების არადემოკრატიულად ჩატარებისა და „ქართული ოცნების“ მხრიდან ოფიციალური შედეგებით რეალობის გაყალბებისა.

⦁ არსებული პოლიტიკური კრიზისიდან მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოებრივი გამოსავალი არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების გამართვაზე. ახალი არჩევნები არის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლისთვის აუცილებელ სტაბილურ გარემოს შექმნის.

⦁ ამის პარალელურად ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შემცირების მიზნით, აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
ეს არის გადაწყვეტილებები, რომელიც სჭირდება სახელმწიფოს — საქართველოს მოქალაქეებს! ეროვნული ინტერესების დაცვა დღეს შექმნილ ურთულეს საერთაშორისო გარემოში, ეროვნული კონსოლიდაციის გარეშე, შეუძლებელია.

„ძლიერი საქართველო – ლელო“ მზად არის, პასუხისმგებლობით იმოქმედოს ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან ერთად, რომლისთვისაც საქართველოს უსაფრთხოება და დემოკრატია უმთავრესი ეროვნული პრიორიტეტია.

ჩვენ გვჯერა, რომ სწორედ პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური დიალოგი, დემოკრატიული პროცესის აღდგენა და ქვეყნის ევროპული განვითარების გზაზე დაბრუნება არის ერთადერთი გამოსავალი კრიზისში, რომელშიც ქართული სახელმწიფო მისი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე აღმოჩნდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....