ახალი ამბები მედია მთავარი

„იმედის“ დირექტორი შალვა რამიშვილს პასუხობს

ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე ჟურნალისტ შალვა რამიშვილს პასუხობს, რომელმაც ის ზეწოლაში დაადანაშაულა. ბახტაძის განცხადებას ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს:

“დღეს პირველად მოვისმინე, რომ შალვა რამიშვილი, „იმედთან“ თანამშრომლობის პერიოდში, თურმე, ჩემგან განიცდიდა ზეწოლას, ამას გმირულად იტანდა და მხოლოდ კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ გააცნობიერა, რომ ის მსხვერპლი ყოფილა. შალვა რამიშვილს მიზანმიმართულად შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში, როცა ამბობს, რომ ჩემსა და მას შორის მიმოწერას რამდენიმე დღეში მოჰყვა ფარული ჩანაწერით მისი დაშანტაჟება. მის მიერ დღეს გასაჯაროებული პირადი მიმოწერა შედგა გასული წლის დეკემბერში, ხოლო მასთან ურთიერთობის გაწყვეტა მოხდა მიმდინარე წლის აპრილში. ამ მიმოწერაში აშკარად ჩანს, რომ მე მას ვთავაზობ სტუმრების მოწვევას ოპონირებისთვის; იქვე ფიქსირდება, რომ მას შეუძლია მისთვის მისაღები ნებისმიერი რესპონდენტის შერჩევა. ასეთი კომუნიკაცია ჩვეულებრივი სამუშაო პროცესის ნაწილია.

რამიშვილთან ურთიერთობის გაწყვეტა, მიმდინარე წლის აპრილში, მოხდა მისი უაღრესად არაეთიკური საქციელის გამო, რომელიც მიუღებელია ჩემთვის და ეწინააღმდეგება „იმედის“ კორპორატიულ ფასეულობებს. შესაბამისად, ამ ორ მოვლენას ერთმანეთთან არც დროითი და არც შინაარსობრივი კავშირი არ აქვს.

ამავდროულად, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ტელევიზიის მართვაში და სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობს მხოლოდ არხის გენერალური დირექტორი, ტელევიზიის მმართველი გუნდი, ჟურნალისტები. რაც შეეხება ირაკლი რუხაძეს, მას ტელეკომპანიის მართვასთან კავშირი არ აქვს და არც  არხზე მიმდინარე პროცესებზე ახდენს გავლენას. რატომ ჰგონია შალვა რამიშვილს, რომ მასთან და მასთან დაკავშირებულ შპს-სთან დამშვიდობებას სჭირდება ბიზნესმენების კონკლავი, რაიმე შეთქმულება ან დაშანტაჟება ფარული ჩანაწერებით, გაუგებარია.

შალვა რამიშვილის დღევანდელი განცხადება ემსახურება მხოლოდდამხოლოდ ტელეკომპანია „იმედისა“ და ამ არხზე მომუშავე  ჟურნალისტების ღირსებისა და რეპუტაციის შელახვას”, – ნათქვამია  განცხადებაში.

შეგახსენებთ, რამიშვილი აცხადებს, რომ მისი არხიდან გამოშვების ნამდვილი მიზეზი მსახიობი თათია სამხარაძე არ ყოფილა და ის მმართველთან უთანხმოების გამო გამოუშვეს ტელეკომპანია „იმედიდან“.

 

იტვირთბა....