აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რადოსლავ სიკორსკი აცხადებს, რომ აშშ-ს რეძიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, აშშ-ს რეძიკოვოს სამხედრო ბაზის გამოყენება მხოლოდ ევროპის ან ამერიკის ტერიტორიაზე ირანის პირდაპირი სარაკეტო თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში შეუძლია.

როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, რეძიკოვოში აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ბაზის გამოყენება ორმხრივი შეთანხმებებით რეგულირდება.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბაზა განკუთვნილია იმ რაკეტების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად, რომლებსაც ევროპისა და შეერთებული შტატებისთვის საფრთხის შექმნა შეუძლიათ. ამასთან, მისივე თქმით, ირანის მხრიდან ასეთი საფრთხე ჯერ არ ყოფილა.

რაც შეეხება საკითხს, შეუერთდება თუ არა პოლონეთი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ვარშავას ასეთი გეგმები არ აქვს. მისი თქმით, პოლონეთისა და ამერიკის ინტერესები მსგავსია, თუმცა არა იდენტური. გარდა ამისა, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, ქვეყანა ახლა რუსეთ-უკრაინის ომზეა ორიენტირებული.

„ახლა ჩვენს საზღვრებთან ომი გვაქვს, აგრესიული რუსეთი იმპერიული სახელმწიფო იდეოლოგიით, ჩვენს საჰაერო სივრცეში დრონებს გზავნის. ჩვენ აქ, ჩვენ გვერდით საკმარისი საქმე გვაქვს“, – განაცხადა სიკორსკიმ პოლონური გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.

იტვირთბა....