სომხეთი პირველათავისი დამოუკიდებლობის ისტორიაში სატრანზიტო ქვეყანა გახდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, სომხეთთან მშვიდობის მიღწევის შემდეგ, ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაა შუა დერეფნის ახალი განშტოების შესაქმნელად.
„ეს მარშრუტი სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის და სომხეთი პირველად გახდება სატრანზიტო ქვეყანა დამოუკიდებლობის ისტორიაში. ამჟამად მას ასეთი სტატუსი არ აქვს. ეს პროექტი შესაძლებელს გახდის აზერბაიჯანის ორი ნაწილის – ძირითადი ტერიტორიისა და ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკის დაკავშირებას უწყვეტი სატრანსპორტო ხაზით, ენერგეტიკული ხაზით, ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელით, ელექტროგადამცემი ხაზებით და შესაძლოა, მილსადენებით. ეს ყველასთვის მომგებიან სიტუაციას შექმნის, რადგან აზერბაიჯანის ორივე ნაწილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით იქნება დაკავშირებული და ახალი სატრანსპორტო დერეფანი ბევრ ქვეყანას დამატებით შესაძლებლობებს შეუქმნის“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

