აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

” ვიზიარებ გარემოებას, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მივაყენე ზიანი და ვნანობ… ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით ჯუანშერ ბურჭულაძე იყო ინფორმირებული” – ვლადიმერ ღუდუშაური

ჯარის ძარცვის საქმეზე სასამართლოში ჩვენებას შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაური აძლევს. ღუდუშაური, რომელიც ამავე საქმეზე ბრალდებულია და 10 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა, ამბობს, რომ საიდუმლო შესყიდვის განხორციელებაზე ბრძანება პირდაპირ ყოფილი მინისტრისგან, ჯუანშერ ბურჭულაძისგან მიიღო. 

მან სასამართლოს უთხრა, რომ სწორედ ჯუანშერ ბურჭულაძემ სთხოვა ბიზნესმენ ზურა ტუკვაძესთან დაკავშირება. 

“მინისტრი [ჯუანშერ ბურჭულაძე] დამიკავშირდა და მითხრა, რომ უნდა შეგვესყიდა საჭირო სამედიცინო ინვენტარი, საიდუმლო შესყიდვით. ასევე, მკითხა ვიცნობდი თუ არა ზურაბ ტუკვაძეს და მითხრა, რომ მისი მითითებით უნდა გამეკეთებინა ყველაფერი. მე საქმის კურსში ჩავაყენე გიორგი ხაინდრავა, რომელმაც მითხრა რომ მინისტრის მითითებებს მივყოლოდი. დავუკავშირდი ზურაბ ტუკვაძეს და კაბინეტში დავიბარე, როდესაც ვესაუბრე მივხვდი, რომ ჩემს ზარს ელოდებოდა. როდესაც შევხვდი შინაარსობრივი საუბარი არ გვქონია. მან გადმომცა 2 კომპანიის რეკვიზიტები და მითხრა, რომ ამ კომპანიებთან ბაზრის კვლევა მეწარმოებინა. ამის შემდეგ გორის ჰოსპიტლისგან მოვიდა შესასყიდი ტექნიკის სია, მინისტრის სახელზე, მაგრამ ტექნიკას თან არ ახლდა მახასიათებლები და მოვითხოვე ტექნიკური მახასიათებლების წარმოდგენაც. შემდეგ ჩემს სახელზე გამოაგზავნეს ნაწილი ტექნიკის ტექნიკური მახასიათებლები, რის შემდეგაც დავავალე ირაკლი მგალობლიშვილს, რომ შესყიდვები დაეწყოთ და ბაზრის კვლევა და გადავეცი ორი კომპანიის რეკვიზიტები. არცერთმა ჩემმა თანამშრომელმა არ იცოდა ჩემი და მინისტრის შეხვედრის შესახებ. ფასის კვლევა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო. შემდეგ, შეიკრიბა სატენდერო კომისია და დაამტკიცა ეს კომპანია გამარჯვებულად, რის შემდეგაც გაფორმდა ხელშეკრულება. ამ კომპანიის გადამოწმება არ მომხდარა, რადგან მინისტრის დავალება იყო.

პირველი ხელშეკრულების შემდეგ გორის ჰოსპიტალმა სხვა დანარჩენი სამედიცინო ინვენტარის მახასიათებლები წარადგინა. ამ დროს ზურაბ ტუკვაძემ მომცა კიდევ ერთი კომპანიის რეკვიზიტები. შესაბამისად, ეს კომპანია შემდეგ შესყიდვებში მონაწილეობდა. ვინაიდან ვრცელი სია იყო, გამარჯვებულად სამი კომპანია გამოცხადდა.

მე გამოცდილება სამედიცინო ინვენტარის შესყიდვასთან დაკავშირებით არ მქონია, ვერ მივხვდებოდი, რომ მათ მიერ დასახელებული ფასები, ბაზრის ფასს აღემატებოდა, მაგრამ ვინაიდან მინისტრისგან მოდიოდა დავალება, კითხვები აღარ დამისვამს. ასე, რომ არ ყოფილიყო მოვიკვლევდით ყველა კომპანიას და ვიმოქმედებდით ისე, რომ უდაბლესი ფასი მიგვეღო.

ვიზიარებ გარემოებებს, რომ აღნიშნული ქმედებებით სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ჩემს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლები ჩემს დავალებას ასრულებდნენ. ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული. რაც შეეხება დიდ შესყიდვებს, ეს წინასწარ შეთანხმებული და გადაწყვეტილი იყო, ძირითად შემთხვევაში, მინისტრის მიერ. ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებობს სხვა კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ მსგავსი სამედიცინო ინვენტარის დამზადება“ [ფორმულა] – თქვა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ ღუდუშაურმა სასამართლო პროცესზე.

იტვირთბა....