ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის დესტაბილიზაციისა და შესაძლო პოლიტიკური ცვლილებების მიზნით მომზადებულია დეტალური გეგმა, რომელიც „მრავალ სიურპრიზს“ მოიცავს.
მისი თქმით, ირანში კვლავ რჩება არაერთი სამიზნე, მათ შორის „რევოლუციის გუშაგები“, რომლებიც, ირანელი ხალხის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილეობენ.
ნეთანიაჰუ ირანელებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საბოლოო მიზანი არა ქვეყნის დაყოფა, არამედ „ირანის გათავისუფლებაა ტირანიის ტვირთისგან”.
“რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებთ ირანში შემდეგ, ჩვენ გვაქვს დეტალური გეგმა მრავალი სიურპრიზით, რათა მოვახდინოთ რეჟიმის დესტაბილიზაცია და შესაძლებელი გავხადოთ ცვლილებები. ჩვენ კიდევ ბევრი სამიზნე გვაქვს და მათზე აქ არ ვილაპარაკებ, ხოლო „რევოლუციის გუშაგებს“, რომლებიც ირანელ ხალხზე ქუჩებში ძალადობენ, მხოლოდ ამას ვეტყვი: თქვენც ჩვენს სამიზნეში ხართ. მათ, ვინც იარაღს დაყრის, ზიანი არ მიადგებათ, ხოლო მათ, ვინც ამას არ გააკეთებს — საკუთარ თავს დააბრალონ. ირანელ ხალხს კი მივმართავ: მე ათწლეულებია თქვენ გესაუბრებით და თქვენი სახელით ვსაუბრობ. ჭეშმარიტების მომენტი ახლოვდება. ჩვენ არ ვცდილობთ ირანის დაყოფას, ჩვენ ვცდილობთ ირანის გათავისუფლებას, მის დახსნას ტირანიის ტვირთისგან და მის ხალხთან მშვიდობიან თანაცხოვრებას” – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

