“მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ასავლელად, ყოველთვის არის და მათ შორის, დიდწილად, ევროპული კომპანიების მიერ – ამიტომ, კეთილი ინებონ და პირველ რიგში, თავიანთ კომპანიებს მიხედონ, რომლებიც ცდილობენ, რომ სანქციებს გვერდი აუარონ” – ამის შესახებ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2022 წლიდან, საქართველოს შემოსავლების სამსახურს შეჩერებული აქვს ევროკავშირიდან წამოსული ტვირთების რამდენიმე ათასი ოპერაცია, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შესულიყო.
“მინდა, არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ თავად ევროკავშირსაც შევახსენო, რომ 2022 წლიდან, საქართველოს შემოსავლების სამსახურს შეჩერებული აქვს რამდენიმე ათასი ოპერაცია ევროკავშირიდან წამოსული ტვირთების, რომლებიც სანქციების გვერდის ავლით რუსეთში უნდა შესულიყო. მცდელობა, რომ საქართველო გამოყენებული იყოს სანქციების გვერდის ასავლელად, ყოველთვის არის და მათ შორის, დიდწილად, ევროპული კომპანიების მიერ. ამიტომ, კეთილი ინებონ და პირველ რიგში თავიანთ კომპანიებს მიხედონ, რომლებიც ცდილობენ, რომ სანქციებს გვერდი აუარონ. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას და ინსტიტუტებს, ისინი არიან მოწოდების სიმაღლეზე, ცდილობენ, რომ ყველა ტვირთი შეამოწმონ და სანქციების ფილტრში გაატარონ, შემდეგ მისცენ მწვანე შუქი ამა თუ იმ სატრანსპორტო ოპერაციას. ჩვენ ეს პოლიტიკა 2022 წლიდან გვაქვს გაცხადებული და მის განხორციელებას მიზანმიმართულად მივყვებით. თუ რაიმე პრობლემაა, ამაზე სასაუბროდ ყოველთვის მზად ვართ”, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

