ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ რუსულ საწვავზე დაბრუნება სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა.
ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ირანის კონფლიქტის დაწყებიდან მოყოლებული, გაზის ფასები 50 პროცენტით, ხოლო ნავთობის ფასები 27 პროცენტით გაიზარდა, რაც, მისივე განმარტებით, ნიშნავს, რომ ომი ევროპელ გადასახადის გადამხდელებს უკვე დამატებით სამი მილიარდი ევრო დაუჯდათ.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ეს ევროპის დამოკიდებულების საფასურია.
„ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს ადგილობრივი ენერგიის წყაროები: განახლებადი და ბირთვული. მათი ფასები ბოლო ათი დღის განმავლობაში უცვლელი დარჩა. თუმცა, მიმდინარე კრიზისების დროს, ზოგი ამტკიცებს, რომ ჩვენ უნდა მივატოვოთ ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგია და კიდევ უფრო დავუბრუნდეთ რუსულ წიაღისეულ საწვავს. ეს სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა. ეს უფრო დამოკიდებულს, უფრო დაუცველს და უფრო სუსტს გაგვხდის“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

