აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

თენგიზ შარმანაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებაზე კომენტარს აკეთებს

თენგიზ შარმანაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადებაზე – “ეს იყო პირველი განცხადება, როცა ძალადობრივი აქციები სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ იყო დაგმობილი – არჩევნების შემდეგ ბოიკოტსა და მსგავსი ტიპის ბოიკოტებზეც თქვა, რომ ეს არ არის სწორი გზა”.

შარმანაშვილის თქმით, თუ ოპოზიცია კვლავ გააგრძელებს რევოლუციურ რიტორიკას და კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა მოქმედებას, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება რთული იქნება.

მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ძალადობაზეც ისაუბრა და დაგმო.

„ასევე აღნიშნა, რომ არც ბოიკოტი არის საუკეთესო გზა. ჩვენ ამას ვამბობდით ყოველთვის, იმ 61 დეპუტატზე, რომლებიც არ შემოვიდნენ აქ და უფრო გაამწვავეს პოლიტიკური პროცესები საქართველოში და გვაჩვენეს რევოლუციის მორიგი ტალღები.

რაც შეეხება სხვა ნაბიჯებს, რომლისკენაც ისინი მოგვიწოდებენ. მან თქვა, რომ მისი საქმე არ არის ვინმეს „პოლიტპატიმარი“ უწოდოს, მაგრამ პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე დაპატიმრებულებზე ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფომ რაღაცა ნაბიჯები უნდა გადადგას. ეს ისევ მათზეა დამოკიდებული იზიარებენ თუ არა იმას, რაც თქვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა და ამბობენ თუ არა უარს ძალადობის ესკალაციაზე საქართველოში. ამბობენ თუ არა უარს რევოლუციური პროცესებით სიარულზე, აპირებენ თუ არა კონსტიტუციურ ჩარჩოებში და პროცესების განვითარებაში მონაწილეობის მიღებას. თუ ეს ერთდროული პროცესი არ იქნა და ისინი ისევ იმ განცხადებებს გააკეთებენ, რომ მორიგი რევოლუციისთვის ემზადებიან, „შავი ფულის“ შემოტანისთვის ემზადებიან და სხვა პროცესებისთვის ემზადებიან, რა თქმა უნდა, აქედან არაფერი არ გამოვა.

თუ ეს რადიკალები გადახედავენ, რაშიც ეჭვი მეპარება, რა თქმა უნდა, სახელმწიფოც შეცვლის თავის შეხედულებებს. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით, იყო საპასუხო ნაბიჯი. იმ ადამიანების ძირითადი ნაწილი გამოვიდა, რომლებიც არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. ხომ გახსოვთ, რამდენჯერ მოვუწოდეთ, რომ ნუ აკეთებთ ამას, ეს ცუდად დამთავრდება. ეს კანონმდებლობა ჩვენი მიღებული არ არის, წინა ხელისუფლების პირობებში და კიდევ უფრო ადრეც იყო კანონმდებლობაში, რომ საგამოძიებო კომისიაზე რომ არ მიხვალ, დაგიჭერენ. მერე ტერმინიც კი მოვიგონე, მე ვთქვი პირველმა „თვითდაპატიმრება“, ეს იქნება თვითდაპატიმრება, როცა იცი, რომ ნამდვილად ამას ეს მოჰყვება და მაინც ჯიუტად ამას აკეთებ, ამას თვითდაპატიმრების მეტს ვერაფერს ვუწოდებ”, – განაცხადა შარმანაშვილმა.

იტვირთბა....