ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ესმაილ ბაგაი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს. მისი თქმით, ფონ დერ ლაიენმა კარიერა ისტორიის არასწორ მხარეს დგომით შექმნა – ოკუპაციისთვის, გენოციდისა და სისასტიკეებისთვის „მწვანე შუქის“ ანთებით. ბაგაის განცხადებით, ახლა იგი ცდილობს „გაათეთროს“ აშშ-ისა და ისრაელის აგრესია და ირანელების წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულები.
„სად იყო თქვენი ხმა, როდესაც 165-ზე მეტი უდანაშაულო ირანელი პატარა ანგელოზი მოკლეს ქალაქ მინაბში? რატომ არაფერს ამბობთ, როდესაც საავადმყოფოებს, ისტორიულ ადგილებს, ნავთობის ობიექტებს, დიპლომატიური პოლიციის შტაბ-ბინას, სახანძრო სადგურებსა და საცხოვრებელ უბნებს ბოროტად ესხმიან თავს? უკანონობისა და სისასტიკის წინაშე დუმილი სხვა არაფერია, თუ არა თანამონაწილეობა“, – წერს ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გუშინ განაცხადა, რომ „არ უნდა დაიღვაროს ცრემლები ირანის რეჟიმისთვის, რომელმაც სიკვდილი და რეპრესიები მოუტანა საკუთარ ხალხს“.
„მათ 17 000 საკუთარი ახალგაზრდა დახოცეს. ამ რეჟიმმა კი რეგიონში განადგურება და დესტაბილიზაცია გამოიწვია. ირანელი ხალხი იმსახურებს თავისუფლებას, ღირსებას და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის უფლებას“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

