აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ტრამპთან შეხვედრისას პარტიის დონორებმა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მხარი რუბიოს დაუჭირეს – NBC News

NBC News-ის ინფორმაციით, ირანზე აშშ-ისრაელის საერთო იერიშის დაწყების ღამეს, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, რამდენიმე მაღალჩინოსანსა და პოლიტიკურ დონორს მასპინძლობდა. ტრამპმა შეხვედრაზე მომავალი პრეზიდენტის საკითხი დააყენა.

დაახლოებით 25 რესპუბლიკელი დონორის , მათ შორის, „ნიუ ინგლენდ პატრიოტსის“ მფლობელ რობერტ კრაფტისა და ჯორჯიის გუბერნატორობის მილიარდერი კანდიდატის – რიკ ჯექსონის თანდასწრებით, ტრამპმა შეკრებილებს ჰკითხა, ვის დაუჭერდნენ მხარს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში: სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს თუ ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს.

შეხვედრაზე დამსწრე ორი ადამიანის თქმით, დონორთა უმეტესობამ ხმამაღალი ოვაციებით მხარი სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაუჭირა.

დარბაზში მყოფი მესამე წყაროს ცნობით, დამსწრეების პასუხები “თანაბრად გაიყო” რუბიოსა და ვენსს შორის.

ტელეკომპანია წერს, რომ რუბიოს მშობლიურ შტატ ფლორიდაში რესპუბლიკელების მცირე ყრილობა არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად ახალი ფავორიტია 2028 წლისთვის.

“მარ-ა-ლაგოს დონორები ჯეი დის ხალხი არ არიან. ის ვიცეპრეზიდენტად მარ-ა-ლაგოს ხალხის გამო არ აურჩევიათ. თუ გაიხსენებთ, ეგ ხალხი პრეზიდენტთან მარკოს არჩევას ლობირებდა” – განაცხადა ტრამპის ადმინისტრაციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა NBC-სთან.

NBC News-ის გასულ კვირას გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელ ამომრჩეველთა 77%-ს ვენსზე დადებითი შეხედულება აქვს, მაშინ როცა რუბიოს შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 66%-ია.

იტვირთბა....