ახალი ამბები მსოფლიო სამართალი

გერმანული გამოცემა: ქართველი ქურდები გერმანიას ძარცვავენ, ისინი სპეციალურად ჩამოდიან

 

გერმანული საზოგადოებრივი ტელეკომპანია «ARD»-ის პროგრამა «Tagesschau» ეთერში გადაიცა ვრცელი სიუჟეტი ქართველი სამართალდამრღვევების თაობაზე, რომლებიც გერმანიაში დანაშაულს სჩადიან. გადაცემა მომზადდა გერმანიაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ამასწინანდელი ვიზიტის ფონზე, რომელმაც თავის გერმანელ კოლეგასთან – თომას მეიზერთან შეხვედრის დროს სწორედ ამ პრობლემაზეც ისაუბრა (ავტორი – სილვია შტოიბერი).

პროგრამაში ავტორს ინტერვიუს აძლევს გერმანიის პოლიციის თანამშრომელთა ასოციაციის თავმჯდომარე ანდრე შულცი, რომლის თქმით, ქართველები გერმანიაში მიზანმიმართულად შედიან ავსტრიის, ჩეხეთისა და პოლონეთის გავლით. მათ თითქოსდა პოლიტიკური თავშეფრის მიღება სურთ და ამ მიზნით განცხადებებს წერენ. ათასობით მაძიებელთაგან თავშესაფარს მხოლოდ ერთეულებს აძლევენ, სხვები კი, სანამ პასუხს მიიღებენ, ქურდობას იწყებენ.

2013 წელს რეგისტრირებულ იქნა 4744 ქართველი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მათგან ბევრი ორგანიზებული დამნაშავეობის წარმომადგენლები არიან, ე.წ. „კანონიერი ქურდები“ (გადაცემის ავტორი იმოწმებს გერმანელი მკვლევარის იან კელერის ნაშრომს, რომელშიც ვრცლადაა გადმოცემული კრიმინალური სამყაროს გავლენიანი ფიგურების  – „კანონიერი ქურდების“ წარმოშობის ანატომიას 1960-იანი წლების საქართველოში).

«Tagesschau»-ს კორესპონდენტთან ინტერვიუში საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეთანხმება იმ აზრს, რომ ძალიან ბევრი ქართველი ბოროტად იყენებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების შესაძლებლობას და იქ ჩასვლის შემდეგ კრიმინალური სამყაროს წევრი ხდება. „მაგრამ ჩვენთან, საქართველოში, „კანონიერი ქურდების“ ადგილი მხოლოდ ციხეშია“, – ამბობს მინისტრი და ხაზს უსვამს, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წევრობა დასჯადია.

„ვერ ვიტყვით, რომ საქართველო არაფერს აკეთებს გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულობების საკითხში. მიმდინარეობს ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა, საქართველომ ბერლინში თავისი საპოლიციო ატაშეც დანიშნა. მინისტრი გიორგი მღებრიშვილი გერმანიაში თავისი ვიზიტის დროს შეხვდა ქვეყნის სხვადასხვა მხარეების – ბავარიის, რეინლანდ-პფალცის, რეინ-ვესტფალიის და ქვედა საქსონიის სამართლადამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელებს, რომლებთანაც საუბრის დროს სწორედ დამნაშავეობის პრობლემა განიხილა“, – აღნიშნავს ავტორი.

„რატომ ხდება ქართველების მიერ ჩადენილ დანაშაულთა მატება? მიზეზი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმალება: სამხრეთკავკასიური რესპუბლიკის ეროვნული ვალუტა კრიზისშია. მიუხედავად მრავალრიცხოვანი რეფორმებისა, რომელიც ქვეყანაში 2003 წლიდან ხორციელდება, უმუშევრობის დონე მაინც ძალიან მაღალია. შესაბამისად, ბევრი ქართველი თავის ბედნიერებას საზღვარგარეთ ეძებს.

საქართველოს თავისი ბუნებრივი რესურსები მცირე აქვს, ამიტომაც მისი განვითარება უცხოურ ინვესტიციებსა და საერთაშორისო ტურიზმზეა დამოკიდებული. არადა, ქართველების მიერ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ჩადენილი დანაშაულობები სამხრეთ კავკასიაშე მდებარე სახელმწიფოს საერთაშორისო იმიჯს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.

საქართველოს ელჩი გერმანიაში ლადო ჭანტურია ყოველთვის ხაზს უსვამს, თუ როგორ პროგრესს მიაღწია მისმა სამშობლომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და რაოდენ კარგად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები.

„საქართველო მაფიოზების ქვეყანა არ არის. ჩვენთან მაფიოზური სტრუქტურები არ არასებობს და დამნაშავეობის დონეც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, დაბალია“, – ამბობს ლადო ჭანტურია კორესპონდენტთან საუბარში. იგი შიშობს, რომ ვაითუ ზაფხულში დაგეგმილი ვიზალიბერალიზების მოწინააღმდეგეებმა დამნაშავეობის თემა საქართველოს საწინააღმდეგოდ გამოიყენონო. ალბათ, აუცილებელი იქნება სასაზღვრო კონტროლის გაუმჯობესება და საქართველოში მაღალი საიმედოობის მქონე ბიომეტრიული პასპორტების დანერგვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ეთანხმება იმ აზრს, რომ გერმანიამ საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნად“ აღიაროს. ამ შემთხვევაში ქართველები ნაკლებად ისარგებლებენ ბოროტად თავშესაფრის მიღების უფლებით. ავსტრიამ უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

ერთი რამ მართლაც შეუძლია საქართველოს მთავრობას განახორციელოს: მან უნდა განუმარტოს თავის მოქალაქეებს, თუ რამდენად ვნებს ქვეყნის ავტორიტეტს მისი მოქალაქეების მიერ უცხოეთში ჩადენილი დანაშაული, რამდენად კლებულობს ქვეყნისადმი პატივისცემა და რამდენი ისეთი ადამიანი რჩება თავშესაფრის გარეშე, რომლებსაც დაცვა მართლაც ჭირდებათ“, – აღნიშნულია მასალში.

newspress.ge

იტვირთბა....