ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გიდეონ საარმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელზე განხორციელებული თავდასხმების უმრავლესობა არა ირანიდან, არამედ ლიბანიდან იყო.
საარის თქმით, მან აღნიშნული საკითხი იერუსალიმში ლიბანის საკითხებში გაერო-ს სპეციალურ კოორდინატორთან, ჟანინ ჰენის-პლასშერტთან განიხილა და განუცხადა, თუ როგორ რეაგირებს ისრაელი ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ თავდასხმებზე.
„მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ ისრაელის ჯარების სასაზღვრო ზონაში განლაგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ჰეზბოლას“ სახმელეთო ძალების შეჭრისა და ისრაელის მოქალაქეებისა და თემების წინააღმდეგ თავდასხმების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ „ჰეზბოლას“ დასუსტება ორივე მხარის, ისრაელისა და ლიბანის საერთო ინტერესებში შედის“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

