ეუთოს ფაქტების დამდგენი კომისიის მიერ, “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში მომზადებული დასკვნა რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციის წარმომადგენლები ავრცელებენ.
წინასწარი ინფორმაციით, დასკვნაში ჩაიწერება ყველა ის ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში, 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებთან შეხვედრის დროს დაინტერესდნენ ჰქონდათ თუ არა მათ კომუნიკაცია, “მოსკოვის მექანიზმის” ფარგლებში, ფაქტების დამდგენი კომისიის ექსპერტთან და მიაწოდეს თუ არა ინფორმაცია.
აინტერესებდათ ჩვენ რა პრობლემებს ვხედავთ და რაში ვხედავთ გამოსავალს. საუბარი იყო ასევე ეუთოს ე.წ. მოსკოვის მექანიზმზე, იცით, რომ ექსპერტი იყო ჩამოსული ცოტა ხნის წინ, აინტერესებდათ გვქონდა თუ არა მასთან შეხვედრა, მივაწოდეთ თუ არა ინფორმაცია. იციან, რომ ანგარიში უნდა გამოქვეყნდეს ამ კვირაში. ყველა საკითხს შევეხეთ, რასაც ვეხებით ხოლმე ასეთ შეხვედრებზე,” – ამბობს კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ოპოზციის წარმომადგენლების თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ყველა საკითხს.
პირობებში, სადაც დიქტატორი ივანიშვილი ადამიანებს იჭერს სრულიად უმიზეზოდ, ქვეყანაში გვყავს უამრავი პოლიტპატიმარი, მეტი ერთ სულ მოსახლეზე, მეტი ვიდრე პუტინის რუსეთში, ბუნებრივია, ასეთ პირობებში დიალოგის სივრცე არ არსებობს,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
“ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ “მოსკოვის მექანიზმის” გამოყენება მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტია
რა თქმა უნდა, მოსკოვის მექანიზმის გამოყენება, ეს არის მნიშვნელოვანი ზეწოლის ბერკეტი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას და აღდგეს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ დღეს არის შეჩერებული,” – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

