უნგრეთის ეროვნულ საგადასახადო და საბჭო სამსახურში აცხადებენ, რომ ბუდაპეშტში ინკასაციის მანქანების და უკრაინული სახელმწიფო ბანკის თანამშრომელთა დაკავება ფულის სავარაუდო გათეთრებას უკავშირდებოდა.
როგორც უწყებაში განაცხადეს, უკრაინის შვიდი მოქალაქის წინააღმდეგ დაწყებულია გამოძიება.
მათივე მტკიცებით, დაკავებულებს შორის არის უკრაინის სპეცსამსახურების ყოფილი გენერალი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის მართვას ახორციელებდა.
უნგრეთის საგადასახადო და საბაჟო სამსახურში ასევე განაცხადეს, რომ უნგრეთის გავლით უკრაინაში წლის განმავლობაში 900 მილიონი აშშ დოლარი, 420 მილიონი ევრო და 146 კილოგრამი ოქრო გადაიტანეს. მათივე ცნობით, სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ანტიტერორისტული ცენტრს ჩართულობით.
ცნობისთვის, უკრაინამ უნგრეთი ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში 5 მარტს დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს გადაჰქონდათ ვალუტა და ოქრო. ეს ხორციელდებოდა უკრაინულ სახელმწიფო ბანკსა და ავსტრიულ ბანკს შორის შეთანხმებით. ჯიპიესის სიგნალის მიხედვით, მანქანა ბუდაპეშტის ცენტრში უნგრეთის ძალოვანი უწყების შენობასთან არის გაჩერებული.
თავად დაკავებული პირების ადგილსამყოფელი უცნობია. გავრცელებული ცნობით, ავტომანქანაში იყო 40 მილიონი დოლარი, 35 მილიონი ევრო და 9 კილოგრამი ოქრო. ბანკი დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, ქონების დაბრუნებას და მათ უკრაინაში დაბრუნებას ითხოვს. ინციდენტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დ უნგრეთი უკრაინის მოქალაქეების მძევლად აყვანაში დაადანაშაულა.
უნგრული მედიის ცნობით კი, უნგრეთის კონტრტერორისტულმა ცენტრმა გზატკეცილზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურზე უკრაინული სანომრე ნიშნებით მოძრავი ნაღდი ფულის გადამტანი მანქანები შეამოწმა. შავებში ჩაცმული ადამიანები მანქანებიდან გადმოიყვანეს და მიწაზე დააწვინეს. ამის შემდეგ უნგრეთის კონტრტერორისტული ცენტრის კოლონა ბუდაპეშტისკენ გაემართა.

