აშშ-ის პრეზიდენტმა რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი შიდა უსაფრთხოების მდივნის თანამდებობაზე წარადგინა. ამ თანამდებობას ამჟამად კრისტი ნოემი იკავებს, რომელიც მარტის ბოლოს დატოვებს პოსტს. ნოემი, რომელიც მკაცრ იმიგრაციულ პოლიტიკას ატარებდა, თანამდებობას იმიგრაციის სამსახურის თანამშრომლების მიერ, მინეაპოლისში აშშ-ის ორი მოქალაქის, რენე გუდისა და ალექს პრეტის მკვლელობის სკანდალის ფონზე ტოვებს.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა მადლობა გადაუხადა ნოემს გაწეული საქმიანობისთვის, სენატორ მალინს კი „MAGA მეომარი“ უწოდა რომელსაც „სრულყოფილად ესმის ადამიანებს და აქვს სიბრძნე და გამბედაობა, რაც ჩვენი [აშშ] წინსვლისთვისაა საჭირო“.
მარკვეინ მალინის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.
მალინი წარსულში ქართულ ოცნებას აკრიტიკებდა, 2020 წელს ივანიშვილს პუტინის მოკავშირეც უწოდა, თუმცა 2025 წელს მან დაბლოკა MEGOBARI აქტის ჩართვა აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში.

