აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ოცნების” საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთი თავდასხმაა დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე… ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით” – გერმანელი დეპუტატი, რობინ ვაგნერი

გერმანელმა პარლამენტარმა რობინ ვაგნერმა განცხადება გააკეთა პლატფორმა X-ზე “ქართული ოცნების” მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ – “ოცნების” საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთი თავდასხმაა დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე… ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით”.

“საქართველოში ავტორიტარული მმართველები სულ უფრო მეტად გარდაქმნიან სამხრეთ კავკასიაში ოდესღაც დემოკრატიული იმედის შუქურას ერთპარტიულ დიქტატურად, რითაც ანადგურებენ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

დღეს საქართველოში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები კიდევ ერთ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს დემოკრატიულ სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე. კანონის უზენაესობა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვნად არის შესუსტებული, კიდევ უფრო ირღვევა.

გრანტების შესახებ კანონის“ ახალი დებულებების თანახმად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ნებისმიერი თანამშრომლობა ახლა წინასწარ მთავრობასთან უნდა შეთანხმდეს და ფაქტობრივად, საყოველთაო ეჭვის ქვეშ ექცევა. პირებს, რომლებმაც მიიღეს უცხოური დაფინანსება, რვა წლის განმავლობაში ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიაში ან რომელიმე მოძრაობაში გაწევრიანება და ამგვარად, განზრახ ირიცხებიან პოლიტიკური კონკურენციიდან. ახლად შემოღებული სისხლის სამართლის დანაშაული „კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ ექსტრემიზმი“ იმდენად ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული, რომ მის ფარგლებში შეიძლება მოხვდეს „ქართული ოცნების“ ლეგიტიმური კრიტიკაც კი.

გარდა ამისა, ამჟამად საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანია დაპატიმრებული პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზების გამო, მათ შორის ისეთი ჟურნალისტები, როგორიცაა სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი, ასევე წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკოსები. „ქართული ოცნება“ სისტემატურად ცდილობს თავისი კრიტიკოსების დაშინებას, დაპატიმრებას და გაჩუმებას სამშობლოში.

მოვუწოდებ ქართულ ოცნებას – საქართველოში ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლების შესახებ. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც უზარმაზარი რისკების მიუხედავად, დაუღალავად აგრძელებენ ბრძოლას თავისუფლების, დემოკრატიისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.” – დაწერა პლატფორმა X-ზე გერმანელმა პარლამენტარმა რობინ ვაგნერმა.

ოცნებამ გუშინ 2 კანონი დაამტკიცა, რომელსაც ყაველაშვილმა ხელი გუშინვე მოაწერა. მათ შორისაა ცვლილებები გრანტების კანონში, რომლის დარღვევაც 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს – კანონპროექტის მიხედვით, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს გრანტის მიღება მხოლოდ ქართული ოცნების წინასწარი თანხმობით შეეძლებათ. მაგალითად, თუ მოქალაქე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართულია და გზავნილს იღებს ემიგრანტი ოჯახის წევრისგან, თანხის მიღების ნებართვა “ქართულ ოცნებასთან” უნდა შეათანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამავე კანონის მიხედვით, ჯარიმით დაისჯება ბიზნესებისა და კომპანიების საჯარო პოლიტიკური აქტივობა. ამავე ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის წევრობა 8 წლის განმავლობაში აეკრძალება მას, ვინც უცხოეთისგან დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობდა. სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდა გარე ლობიზმიც.

ოცნებამ ასევე დაამტკიცა კანონი, რომლითაც ხელისუფლებისა და კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არაღიარება 3 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ამავე ცვლილების მიხედვით, სისხლის სამართლის კოდექს ახალი მუხლი ემატება: “ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ” – მისი დარღვევა კი 3 წლამდე პატიმრობას, ჯარიმას ან გამოსასწორებელ სამუშაოს ითვალისწინებს.

იტვირთბა....