მოსწონთ თუ არა, ევროპა ირანთან ომშია, – ამის შესახებ ევროკავშირში ისრაელის ელჩმა, ავი ნირ-ფელდკლეინმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ევროპამ უნდა შეწყვიტოს კრიზისის დაძლევისთვის დიპლომატიური გზის პოვნის დაჟინებული მოთხოვნა.
ავი ნირ-ფელდკლეინმა განაცხადა, რომ კონტინენტი დიდი ხანია, „ირანთან ომშია“ და მოუწოდა ევროპას, ცალსახად „დაუჭიროს მხარი რეჟიმის დამხობის სამხედრო ძალისხმევას“.
„ირანთან ომში ყოფნისთვის არ არის აუცილებელი თქვენს ტერიტორიაზე რაკეტები ან დრონები ისროლონ. ევროპის მიწაზე თავდასხმები ირანელი აგენტების მიერ იყო ინიცირებული. ისინი ადრეც მოქმედებდნენ და კლავდნენ ადამიანებს ევროპის მიწაზე“, – განაცხადა ევროკავშირში ისრაელის ელჩმა.
ნირ-ფელდკლაინმა უარყო ევროპის მოწოდებები „ირანის მოქმედ რეჟიმთან მოლაპარაკებების შესახებ“.
„ისინი არ ფიქრობენ, რასაც ამბობენ. მეორე მხარის მომლაპარაკებელს ეუბნებიან იმას, რისი მოსმენაც სურს, მაგრამ სრულიად განსხვავებულს აკეთებენ. მათ არ სჯერათ მოლაპარაკებების. ევროკავშირი 27 ქვეყნისგან შედგება, ლოგიკურია, რომ არსებობს უთანხმოებები, მაგრამ სწორისა და არასწორის განსაზღვრა, სულ მცირე, ადვილი უნდა იყოს და ირანის რეჟიმი ნამდვილად არასწორია“, – განაცხადა ნირ-ფელდკლაინმა.

