აქტუალური თემა ახალი ამბები

“საზოგადოებამ „ნაცმოძრაობა“ ჯერ კიდევ 2012 წელს დაშლილებში ჩააბარა, ახლა ცხრა ნაწილი შეიკრიბა, სააკაშვილი დაშლილებშიც არ აღმოჩნდა” – გურამ მაჭარაშვილი

დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ტრაგიკომიკური ვითარება აქვს, რომელსაც წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო. მათ საქართველოს სიკეთე არ აერთიანებთ, – გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთი გაერთიანება დასაწყისშივე განწირულია.

„ქართულმა საზოგადოებამ ავტომობილი – „ნაცმოძრაობის“ სახით ჯერ კიდევ 2012 წელს დაშლილებში ჩააბარა. დაშლილების ნაწილებიდან მათ ყოველ ჯერზე, არჩევნებზე აწყობდნენ და აკოწიწებდნენ, მაგრამ ისევ მარცხდებოდნენ და დაშლილებში ბარდებოდნენ. ახლა დაშლილებიდან მხოლოდ ცხრა ნაწილი შეიკრიბა და გამოაცხადეს, რომ ერთად კი არიან, მაგრამ მაინც თავიანთი გზები აქვთ. ასეთი ავტომობილი „ნაცმოძრაობის“ სახით, ვერასოდეს გამოდგება, რადგან მათ უკვე დაშლილებშიც აღარ იბარებენ. თავად ის ფაქტი, რომ გაერთიანებას არავისთან და ვერავისთან ახერხებენ, რამდენიმე თვე უნდებიან თქმას, გავერთიანდითო და საუბარი არ არის, რაზე გაერთიანდნენ, ნიშნავს, რომ ასეთი სახის ავტომობილი მიზანს ვერ მიაღწევს. ახლა შეკოწიწებულ ავტომობილს მძღოლად ზურაბიშვილი აკლია, რომელსაც ამ გაერთიანებულ ავტომობილში ვიხილავდით, მაგრამ რამდენიმემეტრიანი გადაადგილების შემდეგ, იქ აღმოჩნდებიან, საიდანაც ვითომ აღდგნენ. ამას ვერაფერი უშველის, როცა ვიცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მყარი მტკიცებულებით ანტისახელმწიფოებრივად გამოაცხადებს ამ ცხრა დაშლილიდან უმრავლესობას.

მიხეილ სააკაშვილი დაშლილებშიც არ აღმოჩნდა, საერთოდ დაშლილების გარეთაა, რადგან არავინ ახსენა და თავად თქვა, ამ დაშლილებში მეც ვიყავი, მონაწილეობას ვიღებდი, რომ რამდენიმე ნაწილი შეგვეკოწიწებინაო. დაშლილ „ნაცმოძრაობას“ ასეთი ტრაგიკომიკური ვითარება აქვს, რომელსაც წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო. მათი პრობლემაა, რომ საქართველოს სიკეთე არ აერთიანებთ. მათი ამოცანაა, ხელისუფლების უკანონოდ შეცვლა და იმის იქით რა იქნება, არავინ იცის. ეს მათივე ამომრჩეველს აბნევს. როგორ შეიძლება, პარტიების გაერთიანების მიზანი იყოს მხოლოდ ხელისუფლების უკანონო შეცვლა? – იმის იქით ამომრჩეველს ეუბნებიან, რომ ცხრა ვარ თუ 19 ვიქნები, ჩვენი გზით ვივლით მას შემდეგ, რაც ხელისუფლებას შევცვლითო. რომელი ჭკუათმყოფელი ადამიანი ჩათვლის, რომ ეს სერიოზული გაერთიანებაა? ისიც კი არ შეუძლიათ, ფორმალურად თქვან, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მათი ვითომ კოალიცია ამას და ამას გააკეთებს. ამასაც ვერ ამბობენ. რა თქმა უნდა, ასეთი გაერთიანება თავშივე განწირულია, რადგან ეს არ არის ქვეყნის სასიკეთოდ გაერთიანება. გაერთიანებას ის დასასრული ექნება, რაც აქამდე ჰქონდა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: „ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“. შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.

იტვირთბა....