აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანში ტერორისტული რეჟიმი ახლა ყველაზე სუსტია, ამიტომ პროცესი სწრაფი და გადამწყვეტი იქნება“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში ხანგრძლივი ომი არ იქნება. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ „ფოქს ნიუსთან“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

ნეთანიაჰუს თქმით, „ირანში არსებული ტერორისტული რეჟიმი ახლა ყველაზე სუსტია და ამიტომ პროცესი სწრაფი, გადამწყვეტი იქნება“.

„ჩვენ, პირველ რიგში, შევქმნით პირობებს, რათა ირანელმა ხალხმა თავად განკარგოს საკუთარი ბედი, ჩამოაყალიბოს საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა, რაც სრულიად განსხვავებულ ირანს შექმნის“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, „ირანის რეჟიმის განადგურება გზას გაუხსნის რეგიონის სხვა მუსლიმურ ქვეყნებთან მრავალი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას და ეს შეცვლის მსოფლიოს“.

ამასთან, ჟურნალისტმა ნეთანიაჰუს მიმართა: „არსებობს ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტრამპი ამ ომში ჩაითრია“, რაზეც ნეთანიაჰუმ აღნიშნა:

„ეს სასაცილოა. დონალდ ტრამპი მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლიდერია. ის აკეთებს იმას, რაც, მისი აზრით, სწორია ამერიკისა და მომავალი თაობებისთვის“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ირანსა და აშშ-ისრაელს შორის არსებობს განსხვავება.

„ეს მკვლელები თავს ესხმიან მოქალაქეებს. ჩვენ, ისრაელი და ამერიკა თავს ვესხმით ტერორისტებს. ეს არის განსხვავება“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ ასევე ირანი და ჩრდილოეთ კორეა შეადარა ერთმანეთს. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვს და არავის შეუჩერებია ისინი ამ გზაზე.

„ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღი აქვს, მაგრამ ისინი არ ამბობენ „სიკვდილი ამერიკას“. ირანი 50 ჩრდილოეთ კორეას უდრის“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

იტვირთბა....