აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ის სამხედრო ოპერაცია ირანში სრული ძალით გრძელდება და არ შეჩერდება, ვიდრე ყველა დასახული მიზანი მიღწეული არ იქნება.
„ბოლო 46 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა და მისმა პარტნიორებმა წამოიწყეს ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური, რთული და განმანადგურებელი სამხედრო შეტევა, რომელიც მსოფლიოს ოდესმე უნახავს. საბრძოლო ოპერაციები ამ დროისთვის სრული ძალით გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ჩვენ ძალიან ძლიერი მიზნები გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა სამხედრო ოპერაციისას დაღუპული სამი ამერიკელი სამხედრო „ნამდვილ ამერიკელ პატრიოტებად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, მსხვერპლი კიდევ იქნება.
მისივე თქმით, ამერიკა „შურს იძიებს“ დაღუპულების გამო და ირანის რეჟიმს „ყველაზე მძიმე დარტყმას“ მიაყენებს.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანელი ხალხი ქუჩებში სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილს ზეიმობდა და ირანის სამხედრო სარდლობა სრულად განადგურებულია.

