„ვორნერ ბრაზერს“, სავარაუდოდ, ტრამპთან დაახლოებული ოჯახის კომპანია „პარამაუნტი“ შეიძენს, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ტელეკომპანია „სიენენის“ მომავალს.
სტრიმინგ სერვისმა „ნეთფლიქსმა“ უარი თქვა „ვორნერ ბრაზერსის“ შესაძენად შეთავაზებულზე მეტი ფასის გადახდაზე. ეს ნიშნავს, რომ კომპანიას სავარაუდოდ „პარამაუნტ სქიადენსი“ შეისყიდის, რომელიც „ვორნერ ბრაზერსს“ ერთ აქციაში 31 დოლარის გადახდას სთავაზობს. ამრიგად, „ვორნერ ბრაზერის“ შეძენა „პარამაუნტს“ 108 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
ცნობისთვის, „ვორნერ ბრაზერსი“ ფლობს ჰოლივუდში ბოლო 100 წლის განმავლობაში გადაღებული ფილმების არქივს, ასევე მას ეკუთვნის პრესტიჟული სატელევიზიო სტრიმინგ სერვისის „ეიჩ ბი ოუ მაქხი“.
კონგლომერატ „პარამაუნტ სქაიდენსს“, რომელიც „ვორნერ ბრაზერსს“ შეიძენს, ფლობს ელისონების ოჯახი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთანაა დაახლოებული.
მარეგულირებლები ამ გარიგებას თუ დაამტკიცებენ, „პარამაუნტის“ მფლობელობაში გადავა „ეიჩ ბი ოუ მაქი“, ტელეკომპანია „სიენენი“, „ფუდ ნეთვორქი“ და სპორტული სერვისების ნაწილი.
გარიგება სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს ტელეკომპანია „სიენენის“ მომავალთან დაკავშირებით, რომელსაც ტრამპი დიდი ხანია, აკრიტიკებს. ტრამპმა არხის მენეჯმენტს კორუმპირებული და არაკომპეტენტური უწოდა.
„პარამაუნტის“ მიერ „ვორნერ ბრაზერსის“ შესყიდვის დამტკიცებას დასჭირდება, როგორც აშშ-ის მარეგულირებელი ორგანოების თანხმობა, სადაც ხელმძღვანელ თანამდებობებს ტრამპის მიმართ ლოიალურად განწყობილი პირები იკავებენ, ასევე კალიფორნიის გენერალური პროკურორის თანხმობაც, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ „ვორნერ ბრაზერსის“ ბედი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამასთან ერთად, გარიგება უნდა დაამტკიცონ ევროპულმა მარეგულირებლებმაც.

