ტუნისის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ალი ლარაიედს, პარასკევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მას ბრალად ედება ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტუნისელი ჯიჰადისტების სირიაში გამგზავრების ხელშეწყობა — იტყობინება სახელმწიფო მედია.
მისი პარტია, ისლამისტური ოპოზიციური „ენჰადა“ (Ennahda), აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და იმ რეპრესიების ნაწილია, რომელიც პრეზიდენტ კაის საიდის მიერ 2021 წელს ძალაუფლების ხელში ჩაგდებას მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ მაშინ პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა და მართვა დეკრეტებით დაიწყო.
ლარაიედი პრემიერ-მინისტრის პოსტს 2013-2014 წლებში, 2011 წლის რევოლუციის შემდგომ ტურბულენტურ პერიოდში იკავებდა. ყოფილმა პრემიერმა, რომელიც 2022 წლიდან პატიმრობაში იმყოფება, ხუთშაბათს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა: „მე უდანაშაულო ვარ. უსამართლობის, ძალადობისა და უმადურობის მსხვერპლი გავხდი“. მას შეუძლია გაასაჩივროს როგორც მსჯავრი, ისე სასჯელის ზომა.
2011 წლის რევოლუციის შემდეგ, ასობით ტუნისელი გაემგზავრა სირიაში, ერაყსა და ლიბიაში „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებებთან შესაერთებლად ან მათ მხარდამხარ საბრძოლველად. „ენჰადა“ სეკულარული ოპონენტების მხრიდან მწვავე კრიტიკას განიცდიდა მათი გამგზავრების სავარაუდო ხელშეწყობის გამო, რასაც პარტია ყოველთვის კატეგორიულად უარყოფდა.
ლარაიედის საქმეში კიდევ შვიდი ბრალდებული ფიგურირებს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები.

