„ჩვენ ჩვენი ისტორიული გამოცდილება გვაქვს და უკრაინის ხელისუფლება პრეტენზიების ტონით არ უნდა გველაპარაკებოდეს. ეს თავად უკრაინის ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს. უკრაინის ხელისუფლება თუ ელოდება, რომ მათ მიმართ სიტყვა ყველამ უნდა აწონოს, ასევე ველოდებით ჩვენც ყველას მხრიდან და მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ყველა სიტყვა და გადაწყვეტილება აწონონ საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დაკავშირებით. რომელიმე დასავლური ევროპული ქვეყანა არ ვართ, ვისაც შეიძლება, უკრაინამ პრეტენზიები წაუყენოს. სამართლიანად წაუყენოს, რადგან თავის დროზე დიდი ქვეყნები მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყვნენ, ეს ომი არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, უკრაინამ ამ ხალხს პრეტენზიები უნდა წაუყენოს, რადგან ეს არის გლობალური ძალების და გლობალურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ქვეყნების პასუხისმგებლობა, რომ ეს ომი საერთოდ დაიწყო.
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეს ომი არ იქნებოდა და არ უნდა დაწყებულიყო. ამიტომ, მათი პრეტენზიები ევროპის მიმართ გასაგებია, მაგრამ ამ ტონს ქართველ ხალხზე ნუ გადმოიტანენ. ჩვენ ამ ტონს არ მივიღებთ ზოგადად და არც უკრაინის ხელისუფლებისგან, კონკრეტულად, ზელენსკისგან. მისგან ერთ მისხალ საყვედურს არ მივიღებთ და არ მოვითმენთ. იმ ზელენსკისგან არ მოვითმენთ, რომელმაც საქართველოს ელჩი გამოაძევა. ყველა ელჩი რომ გაიქცა და კიევი დატოვა, თავისი დროშები ჩამოსწიეს, ჩვენი ელჩი იქ იყო ბოლომდე, ვიდრე ზელენსკიმ არ უთხრა, იქნებ სახლში წასულიყავიო საქართველოში. რომ არა ელჩის გაწვევა და ზელენსკის ტყუილი და ცილისწამება, რომ სააკაშვილს აწამებენ, კლავენ, იმ კრიმინალს, რომელიც მან შეიფარა და დღემდე სააკაშვილი ხან უკრაინულად გველაპარაკება, ხან ქართულად. მან თქვა, რომ ის დღემდე ზელენსკის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარეა. ყველა ასეთ სიტყვას პასუხი გაეცემა. და რა, რომ ომშია? ომში ჩვენც ვიყავით და ვინმესთვის საყვედური გვითქვამს და პრეტენზია წარმოგვითქვამს? ომში ყოფნა უფრო მეტ პასუხისმგებლობას ანიჭებს ადამიანს და უფრო ღირსეულად უნდა ტარება. როცა საქართველოს აბრალებს სააკაშვილის წამებას, ეს უღირსი საქციელია. საუბარი იყო იმაზე, რომ გაერო-ში რეზოლუციას მხარი რომ დაუჭირეთ, ეს იყო წესიერების ნიშანიო და ამას, რა მადლობა უნდაო. ჯერ ერთი, ყველაფერს მადლობა უნდა. ჩახედონ სიას, ვინ დაუჭირა მხარი, ვინ შეიკავა თავი, ვინ არ დაუჭირა და მერე გველაპარაკონ. როცა წესიერებაზე საუბრობენ, ბოლო უკვე რამდენიმე წელია, უკრაინის დელეგაციები სხვადასხვა ფორმატში მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მიმართ ყველა მტრულ გადაწყვეტილებას. ეს არის მადლიერება და ის, როგორც მეგობარს უნდა მოექცე? ჩვენკენ რომ გადმოიხედავენ, უკრაინის პრეზიდენტმა ტონს უნდა დაუწიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

