ახალი ამბები პოლიტიკა

,, ირანის ირგვლივ რეგიონული ესკალაციის რისკი უკიდურესად შემაშფოთებელია“ – გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ფოლკერ ტიურკმა პარასკევს შეშფოთება გამოთქვა დავების გადასაჭრელად ძალის გამოყენების ნორმალიზების გამო და გააფრთხილა მსოფლიო, რომ კონფლიქტები ადამიანის უფლებებს „უკაცრიელ უდაბნოდ“ აქცევს.

„ჩვენ არ უნდა დავუბრუნდეთ ძალადობას, როგორც ორგანიზაციულ პრინციპს“, — განაცხადა ფოლკერ ტიურკმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მან მსოფლიოში არსებულ მდგომარეობაზე განახლებული ინფორმაცია წარადგინა.

„მსოფლიო ვერ იდგება განზე, როდესაც საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა სამართლის საფუძვლები ჩვენს თვალწინ იშლება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ „უკიდურესად შეშფოთებულია“ ირანის ირგვლივ რეგიონული ესკალაციის რისკით, რომელიც აშშ-ის მხრიდან დარტყმების განმეორებითი მუქარის წინაშე დგას.

„მე უკიდურესად შეშფოთებული ვარ რეგიონული სამხედრო ესკალაციის პოტენციალით და მისი გავლენით მშვიდობიან მოსახლეობაზე. იმედი მაქვს, რომ გონიერების ხმა გაიმარჯვებს“, — დასძინა ტიურკმა.

მან ირანში სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე დაუყოვნებლივი მორატორიუმის დაწესება მოითხოვა და გააფრთხილა, რომ კიდევ ათეულობით ადამიანს ემუქრება სიკვდილით დასჯა მას შემდეგ, რაც ამ კვირაში იანვრის მასობრივ პროტესტებთან დაკავშირებული პირველი სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს.

„შეძრწუნებული ვარ ცნობებით, რომ პროტესტებთან დაკავშირებით სიკვდილით დასჯა მიესაჯა სულ მცირე რვა ადამიანს, მათ შორის ორ ბავშვს“, — განაცხადა ტიურკმა საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ კიდევ 30 ადამიანს მსგავსი განაჩენის საფრთხე ემუქრება.

მან ასევე დაგმო ქალთა უფლებების მიმართ მზარდი მუქარა მთელ მსოფლიოში, ხაზი გაუსვა ფემიციდის მასშტაბებს და ისეთ შემზარავ შემთხვევებს, როგორიც ამერიკელი მოძალადის, ჯეფრი ეპშტეინის საქმეში გამოიკვეთა.

„ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ფემიციდი, გლობალური საგანგებო მდგომარეობაა. 2024 წელს მსოფლიოში დაახლოებით 50,000 ქალი და გოგონა მოკლეს, უმეტესობა ოჯახის წევრების მიერ“, — განაცხადა ტიურკმა.

იტვირთბა....