უნგრეთი ევროკავშირის სანქციების ბოლო პაკეტის მხარდაჭერას აჭიანურებს, რათა ევროკომისიაზე ზეწოლა მოახდინოს და 16 მილიარდი ევროს თავდაცვის სესხი მიიღოს, – ამის შესახებ „პოლიტიკო“ ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ბუდაპეშტი ბრიუსელთან უკრაინის საკითხზე სერიოზულ დაპირისპირებაშია მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი სანქციების მე-20 პაკეტისთვის, ასევე კიევისთვის 90 მილიარდი ევროს სესხსის გამოყოფაზე ვეტოს დადებით დაიმუქრა.
„პოლიტიკოს“ მიხედვით, ორბანი მოითხოვს, უკრაინამ აღადგინოს ნავთობის მიწოდება მილსადენით, რომელიც კიევის ცნობით, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანდა.
„ევროკავშირის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ მილსადენის შეკეთების დაპირება ორბანს დაარწმუნებს, სესხზე ვეტო მოხსნას, თუმცა, ბუდაპეშტმა შესაძლოა, სანქციების დაბლოკვა იქამდე განაგრძოს, ვიდრე მისი თავდაცვის სესხის განაცხადი არ დამტკიცდება“, – წერს გამოცემა.

