ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებას ავრცელებს, სადაც რუსეთთან მიმდინარე ომზე საუბრობს.
“როდესაც მშვიდობის მიღწევის მიზნით ვამბობთ, რომ აგრესორმა არ უნდა მიიღოს არანაირი ჯილდო ომისთვის, ყველას უნდა ესმოდეს: ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. 12 წლის წინ სამყაროს, სამწუხაროდ, ამის შემოწმების შესაძლებლობა უკვე ჰქონდა. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი ყირიმის ოკუპაციით დაიწყო და სამყარომ ამაზე, ფაქტობრივად, თვალი დახუჭა. მაშინდელი ლიდერები არ დაინტერესებულან ყირიმში გამართული მიტინგებითა და წინააღმდეგობით და, ზოგადად, უკრაინის გრძნობებით. სამყარო უკრაინას დუმილს ურჩევდა. სწორედ ამიტომ დაიჯერა პუტინმა, რომ მას შეეძლო გაცილებით დიდი ომის და დასავლეთთან უფრო მკაცრი დაპირისპირების გამართვა.
ახლა ყოველწლიურად, 26 თებერვალს, ყირიმის ოკუპაციისადმი წინააღმდეგობის დღეს, ვიხსენებთ ამ გლობალურ გაკვეთილს და პატივს მივაგებთ მათ, ვინც არ დუმდა და არ დაიხია უკან რუსული აგრესიის წინაშე. დაჟინებით ვამბობთ, რომ აგრესორის პასუხისმგებლობა ომისთვის არის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია და ხანგრძლივი მშვიდობის ერთ-ერთი უძლიერესი წინაპირობა.
მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც ამაში მხარს გვიჭერს, მონაწილეობს ჩვენი „ყირიმის პლატფორმის“ მუშაობასა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში, რომლებიც მსოფლიოს ყირიმსა და რუსეთის მიერ მისი ოკუპაციის მნიშვნელობას ახსენებენ. მადლობა თითოეულს, ვინც ეხმარება უკრაინას ყირიმში რუსული რეპრესიებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, გვეხმარება ადამიანების ტყვეობიდან დაბრუნებაში და არ აძლევს საოკუპაციო რეჟიმს განმტკიცების საშუალებას. რუსეთის ყოფნა ჩვენს ნახევარკუნძულზე მხოლოდ ომს ემსახურება და არაფერ სხვას. მშვიდობა უნდა იყოს, რაც ნიშნავს, რომ ყირიმი უკრაინაა და სამყარომ ეს ფაქტი უცვლელად უნდა აღიაროს” – წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

