აშშ-ში დააკავეს და ჩინეთის არმიის დახმარების მიზნით შეთქმულების მოწყობაში ბრალი წარუდგინეს საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლების ყოფილ პილოტს, რომელსაც ბირთვული იარაღის მიწოდების სისტემებსა და სამხედრო თვითმფრინავებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა.
კოლუმბიის ოლქის პროკურატურის განცხადებით, 65 წლის ჯერალდ ედი ბრაუნ უმცროსი ინდიანის შტატში 25 თებერვალს დააკავეს და იარაღის ექსპორტის კონტროლის შესახებ კანონის დარღვევის გამო ბრალი წარუდგინეს.
“ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის აშშ-ს სამხედრო წვრთნების ჩატარება ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.” – განაცხადა საჰაერო ძალების სპეციალური პროექტის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლი რასმა.
მაიორის წოდებით პენსიაში გასვლამდე ბრაუნი აშშ-ს საჰაერო ძალებში 24 წლის განმავლობაში მსახურობდა.
“სამხედრო კარიერის განმავლობაში ბრაუნი სენსიტიურ ქვედანაყოფებს მეთაურობდა, ხელმძღვანელობდა საბრძოლო მისიებსა და და მსახურობდა ავიაგამანადგურებლების პილოტებისა და სიმულატორის ინსტრუქტორად სხვადასხვა გამანადგურებელ და მოიერიშე თვითმფრინავზე.” – განაცხადა პროკურატურამ.
განცხადების მიხედვით, მას ასევე ჰქონდა ვიეტნამის დროის F-4 Phantom-ისა და უფრო თანამედროვე, F-15-ებისა და F-16-ების, ფრენის გამოცდილება.
ხოლო პენსიაში გასვლის შემდეგ ბრაუნმა თავდაცვის ამერიკულ კონტრაქტორებთან ფრენის სიმულატორის ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა, რის ფარგლებშიც აშშ-ს პილოტებს F-35-ებისა და A-10-ების ფრენისთვის წვრთნიდა.
თუმცა, პროკურატურის მიხედვით, ბრაუნი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთში კომუნისტური პარტიის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის პილოტებს წვრთნიდა. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი ამერიკელი პილოტი ჩინეთში 2023 წლის დეკემბერში გაემგზავრა და იქიდან მიმდინარე წლის თებერვალში დაბრუნდა.

