თურქეთი, იძიებს F-16 ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავის კატასტროფის ჯერჯერობით უცნობ მიზეზს. შემთხვევის შედეგად პილოტი დაიღუპა. კატასტროფა ბულგარეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზე, აფრენიდან მალევე მოხდა — ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ხუთშაბათს ავრცელებს.
სამინისტროს განცხადებით, ორი F-16 ერთდროულად აფრინდა ოთხშაბათს დილით, ბალიქესირში (ჩრდილო-დასავლეთ თურქეთი) მდებარე მე-9 მთავარი ავიაბაზის სარდლობიდან. ფრენა განგაშზე რეაგირების მისიის ნაწილი იყო მას შემდეგ, რაც ბულგარეთის საზღვართან ახლოს დაფიქსირდა რადარის დაუდგენელი კვალი.
გამფრენებიდან მალევე, რადიოკავშირისა და რადარით თვალთვალის გაწყვეტისთანავე, დაუყოვნებლივ გაიგზავნა სამძებრო-სამაშველო ჯგუფები, რომლებმაც მოგვიანებით თვითმფრინავის ნამსხვრევებს მიაკვლიეს.
„ინციდენტის მიზეზი კატასტროფის შემსწავლელი საგამოძიებო ჯგუფის მიერ დეტალური შემოწმების შემდეგ გაირკვევა“, — ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. უწყებისვე ინფორმაციით, პილოტმა კატასტროფამდე ბოლო მომენტში მოასწრო კატაპულტირების სისტემის გააქტიურება.
თურქეთის შეიარაღებაში დაახლოებით 250 ერთეული F-16 გამანადგურებელია. ფლოტის მოდერნიზაციის პროგრამის ფარგლებში, ქვეყანას გაფორმებული აქვს შეკვეთა ამერიკის შეერთებულ შტატებთან 40 ახალი F-16 Block 70 ტიპის თვითმფრინავის შესაძენად.

