ახალი ამბები ციტატა

,,დიდი ბრიტანეთის ელჩს ქართული მხარის სამართლიან კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა, საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობით, როგორ ეხმარებიან უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ” – დავით მათიკაშვილი

დიდმა ბრიტანეთმა სამარცხვინო გადაწყვეტილებების რეიტინგში პირველობა არავის დაუთმო, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩს დღეს მოუწევს ქართული მხარის სამართლიან კითხვებზე პასუხის გაცემა, პატარა საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩახშობით, უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ როგორ ეხმარებიან.

„სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სტამბოლში, პრაქტიკულად, უკრაინას სამშვიდობო შეთანხმებაზე ხელის მოწერაზე უარი ათქმევინა. იმ შეთანხმებაზე, რომლითაც უკრაინა ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით იმ სტატუსკვოს დიდწილად ინარჩუნებდა, რომელიც ომის დაწყებამდე გააჩნდა. დღეს, დიდი ბრიტანეთი საქართველოში ტელეკომპანიებს „იმედს“ და „პოსტივის“ ასანქცირებს სასაცილო მიზეზით. თურმე, „იმედი“ და „პოსტივი“ უკრაინის დესტაბილიზაციას უწყობენ ხელს. მსგავსი ცინიზმი, მსგავსი ამორფული დამოკიდებულება მოვლენების მიმართ გამორჩეული იმ გადაწყვეტილებებს შორის, რაც დიდ ბრიტანეთში მიუღიათ. მაგალითად, ნავთობსადენ „დრუჟბას“, რომლითაც ევროპაში რუსული ნავთობი და გაზი მიედინება, რომლითაც რუსეთი მილიარდებს იღებს ევროკავშირიდან, თურმე, სანქცია უნდა მოეხსნას იმიტომ, რომ სანქციის ახსნა ხელს უწყობს უკრაინას ომში და „იმედი“ და „პოსტივი“, რომელიც თავისუფალ სიტყვას ქადაგებენ, თურმე, უკრაინის დესტაბილიზაციას ახდენენ. ერთი რამ იცოდნენ, ქართველ ხალხს „იმედს“ ვერ გაუქრობენ“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისი თქმით, იყო დრო, როდესაც ისევ მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხელკეტებით, წიხლებით, იარაღის გამოყენებით „იმედის“ შენობა დაამსხვრიეს, ჟურნალისტები სცემეს, ტელეკომპანია „იმედი“ მიიტაცეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შემოტრიალდა ისე, როგორც უნდა შემოტრიალებულიყო.

„იმედი“ მის მფლობელს, ხალხს დაუბრუნდა. დღეს თავისუფალი სიტყვის პლაცდარმები საქართველოში „იმედი“ და „პოსტივი“ ასე ურცხვად და უსინდისოდ არიან დასანქცირებული, თუმცა ეს ყველაფერი ფუჭია, რადგან ძალმომრეობით ვერაფერს მიაღწევენ. რაც უფრო მეტად გამოჩნდება სუბიექტური ძალმომრეობა ქართულ თავისუფალ მედიაზე, მით მეტად გაძლიერდება ამ ორი ტელეკომპანიის მხარდაჭერა და თანადგომა. ამ სანქციების მიზანია თავისუფალი სიტყვის დახშობა. თავისუფალი სიტყვა არ უნდა ისმოდეს. მათი აზრით, საზოგადოება უნდა იყოს ჩაკეტილი, თავიანთი „ბაბლის“, მრუდე, დეგრადირებულ საინფორმაციო ლაბირინთში და ალტერნატიული აზრი, სიტყვა, რომელიც არ ესადაგება დღეს მსოფლიოში მოქმედ არაფორმალური მმართველობის საცეცების შეხედულებებს, ის უნდა იყოს მათი შეხედულებით, ამოძირკვული საინფორმაციო ველიდან. ცოტა რამ მოეფიქრებინათ მაინც, ერთი არგუმენტი მაინც შეეთხზათ მაინც. „იმედი“ და „პოსტივი“ ახსენეს უკრაინის დესტაბილიზაციასთან. მსგავსი სისულელე მოუსმენია ვინმეს აქამდე? ამ უტიფრობას პასუხები სჭირდება და სწორედ ამ პასუხისთვის არის დაბარებული ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში. ამ გადაწყვეტილების შემოქმედებმა თავი სასაცილოდ გაიხადეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

იტვირთბა....