ტრამპის ადმინისტრაცია მინესოტას ჯანდაცვის დაფინანსების ნაწილს აჩერებს. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ჯეი დი ვენსმა დემოკრატების მიერ მართული შტატი ფედერალურ გამოძიებასთან არასაკმარის თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ ვაჩერებთ ფედერალურ გადახდებს, რომლებიც შტატის მთავრობას გადაეცემა, ვიდრე შტატის მთავრობა თავის ვალდებულებებს სერიოზულად არ მოეკიდება“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.
გადაწყვეტილებას მინესოტას გუბერნატორი, ტიმ უოლცი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ეს შურისძიების კამპანიაა“.
„ტრამპი მთელ ფედერალურ მთავრობას იარაღად იყენებს მინესოტას მსგავსი შტატების დასასჯელად“, – განაცხადა უოლცმა.
ამასთან, Medicare და Medicaid სერვისების ცენტრების ადმინისტრატორმა მეჰმეტ ოზმა განაცხადა, რომ მინესოტას ფედერალური Medicaid-ის დაფინანსებიდან 259 მილიონი დოლარი დროებით არ გადაეცემა.
Medicaid დაბალშემოსავლიანი ამერიკელებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალური პროგრამაა. ოფიციალური მონაცემებით, მინესოტაში დაახლოებით 1,3 მილიონი ადამიანი სარგებლობს Medicaid-ით, ხოლო პროგრამის ბენეფიციართა 40% ბავშვია.

