ნიდერლანდების პოლიციამ 15 ადამიანი დააკავა, რომლებსაც ბრალად ედებათ სოციალურ ქსელ TikTok-ში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ (ISIS) დაკავშირებული პროპაგანდის გავრცელება და ტერორისტული დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება — ინფორმაციას The Defence Post ავრცელებს.
სააგენტო AFP-ის ცნობით, დაკავებულებს შორის არიან სირიისა და ნიდერლანდების მოქალაქეები, მათგან ოთხი კი არასრულწლოვანია. სამართალდამცავების განცხადებით, ჯგუფი ბრალდებულია ექსტრემისტული იდეოლოგიის შემცველი ვიდეოებისა და სხვა მასალების დამზადებასა და გავრცელებაში, რომელთა ნაწილმაც აუდიტორიის დიდი ყურადღება მიიპყრო.
გამოძიების თანახმად, მსგავსი კონტენტის გამოქვეყნება 2025 წლის აგვისტოში დაიწყო. ზოგიერთ ვიდეოს 100 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა, რამაც უსაფრთხოების სამსახურების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია — განსაკუთრებით იმ გავლენის გამო, რომელიც ექსტრემისტულ გზავნილებს ახალგაზრდა მომხმარებლებზე შეიძლება ჰქონოდათ.
ნიდერლანდების პოლიციამ განმარტა, რომ დაკავებები ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ონლაინ რადიკალიზაციისა და ტერორისტული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას. პროკურატურის მტკიცებით, გავრცელებული მასალები არა მხოლოდ ექსტრემისტული დაჯგუფებების განდიდებას ემსახურებოდა, არამედ პირდაპირ მოუწოდებდა მაყურებელს ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვისკენ.
ხელისუფლება ადასტურებს, რომ გამოძიება გრძელდება და არ გამორიცხავს ახალ დაკავებებსაც. ნიდერლანდელი მაღალჩინოსნების განცხადებით, ონლაინ ექსტრემიზმთან ბრძოლა, განსაკუთრებით იმ პლატფორმებზე, რომლებსაც მოზარდები აქტიურად იყენებენ, ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
ბოლო წლებში, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, ნიდერლანდებმა გაამკაცრა სოციალური ქსელების მონიტორინგი, რადგან ციფრული პლატფორმები ხშირად გამოიყენება ადამიანების გადასაბირებლად, რადიკალიზაციისა და ექსტრემისტული მიზნებისთვის მობილიზებისთვის.

