ახალი ამბები კრიმინალი

სისხლიანი სპეცოპერაცია მექსიკაში: „ხალისკოს კარტელის“ ლიდერის სიკვდილს 74 ადამიანი ემსხვერპლა

მექსიკაში „ხალისკოს კარტელის“ ლიდერის სიკვდილს სულ მცირე 74 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ეროვნული გვარდიის 25 წევრი. ხელისუფლების განცხადებით, მექსიკაში, „ხალისკოს ახალი თაობის კარტელის“ (Jalisco New Generation Cartel) ლიდერის წინააღმდეგ მიმართულ მასშტაბურ სპეცოპერაციას სულ მცირე 74 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ქვეყნის ეროვნული გვარდიის 25 წევრი.

ძალადობა კვირას, დასავლეთ ხალისკოს შტატში მას შემდეგ დაიწყო, რაც უსაფრთხოების ძალებმა კარტელის ლიდერის, ნემესიო ოსეგუერა სერვანტესის, მეტსახელად „ელ მენჩოს“ დაკავება სცადეს. ოფიციალური პირების თქმით, ოსეგუერა ოპერაციის დროს დაიჭრა და მოგვიანებით, დედაქალაქში გადაყვანისას, ვერტმფრენში გარდაიცვალა.

მექსიკის ხელისუფლების ინფორმაციით, დაკავების მცდელობამ კარტელის წევრების მხრიდან საპასუხო ძალადობის ტალღა გამოიწვია. შეიარაღებული თავდასხმები და შეტაკებები დასავლეთ მექსიკის რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა, რასაც ათობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, მათ შორის არიან როგორც უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ისე მშვიდობიანი მოქალაქეები.

ვითარების ესკალაციის საპასუხოდ, ფედერალურმა მთავრობამ დაზარალებულ რეგიონებში დამატებით დაახლოებით 2,500 სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის შესახებ გამოაცხადა, რათა აღადგინონ წესრიგი და აღკვეთონ შემდგომი თავდასხმები.

მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვა და უსაფრთხოების გაძლიერება მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. მან დასძინა, რომ ფედერალური ძალები გააგრძელებენ ოპერაციებს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების წინააღმდეგ, რათა თავიდან აიცილონ ძალადობის შემდგომი გავრცელება.

„ხალისკოს ახალი თაობის კარტელი“ მექსიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კრიმინალურ ორგანიზაციად ითვლება და მის საქმიანობასთან დაკავშირებული შეტაკებები ხშირად იწვევს დესტაბილიზაციას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში.

იტვირთბა....