რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტი“, რომელიც მაგისტრალურ ნავთობსადენებს მართავს, იძულებული გახდა თავისი სისტემისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა დღე-ღამეში 250 ათასი ბარელით შეემცირებინა თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე სადგურზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ.
„ტრანსნეფტისთვის“ შექმნილ ამ პრობლემაზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Reuters-ი.
როგორც Reuters-ი წერს, კომპანია „ტრანსნეფტის“ საქაჩი სადგური „კალეიკინო” დასავლეთ ციმბირში ნავთობის ტრანსპორტირების ძირითადი პუნქტია და მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს Urals-ის მარკის ნავთობის წარმოებისთვის.
სადგური „კალეიკინო“ ემსახურება მილსადენ „დრუჟბასაც“, რომლითაც ნავთობი მიეწოდებოდა ევროპას ნაწილსაც. 27 იანვრიდან ამ მილსადენით უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეუწყდათ უნგრეთს და სლოვაკეთს. უკრაინამ განაცხადა, რომ მილსადენი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა.
სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობებმა უკრაინა პოლიტიკური მოტივებით მოქმედებასა და ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულეს და დაბლოკეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი, რომლის მიღებასაც ევროკავშირი გეგმავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის, 24 თებერვლისთვის.

