ჩინეთსა და გერმანიას თანამშრომლობის გაღრმავება სურთ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა და ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა, ლი ციანმა პეკინში გამართული ოფიციალური შეხვედრის დროს განაცხადეს.
„როიტერის“ინფორმაციით, ჩინეთში მერცის ვიზიტის მთავარი მიზანი პეკინთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება და სავაჭრო დისბალანსის შემცირებაა.
მედიის ცნობით, შეხვედრის დროს ფრიდრიხ მერცმა ლი ციანს უთხრა, რომ გერმანია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან, მის უდიდეს სავაჭრო პარტნიორთან, ინტენსიური ეკონომიკური ვაჭრობის შენარჩუნებასა და გაღრმავებას. მერცმა ხაზი გაუსვა სამართლიანი თანამშრომლობისა და ღია კომუნიკაციის უზრუნველყოფის აუცილებლობას.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრმა კი აღნიშნა, რომ ქვეყნებმა ერთად უნდა იმუშაონ მრავალმხრივობისა და თავისუფალი ვაჭრობის დასაცავად.
„ჩინეთმა და გერმანიამ, როგორც მსოფლიოს ორმა უდიდესმა ეკონომიკამ და მნიშვნელოვანმა გავლენიანმა ქვეყნებმა, უნდა გააძლიერონ ნდობა თანამშრომლობის მიმართ, ერთობლივად დაიცვან მრავალმხრივობა და თავისუფალი ვაჭრობა, უნდა ისწრაფვოდნენ უფრო სამართლიანი მმართველობის სისტემის შექმნისკენ“, – აღნიშნა ლი ციანმა.
„როიტერის“ ცნობით, 2025 წლის მონაცემებით, ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ამერიკასაც უსწრებს. გასულ წელს, გერმანიაში ჩინეთიდან 170.6 მილიარდი ევროს ღირებულების საქონელი შევიდა, გერმანიიდან ჩინეთში კი, 81.3 მილიარდი ევროსი.

