კახა კალაძე დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების – ტელეკომპანია იმედი-სა და POSTV-ის დასანქცირებას არასამართლიან გადაწყვეტილებად აფასებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ ქმედებას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მისთვის „არაფერს ნიშნავს“, რას მიიჩნევს ან რას არ მიიჩნევს დიდი ბრიტანეთი და აცხადებს, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.
„დეზინფორმაცია რა იყო, რომელიც აღნიშნულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს? შეგიძლიათ მითხრათ? არაფერს ნიშნავს ეს ჩემთვის, დიდი ბრიტანეთი რას მიიჩნევს და რას – არა. წლების წინ, მახსოვს, როცა უცხოელი ბიუროკრატი რამეს იტყოდა საქართველოსთან დაკავშირებით, რაც არ უნდა სისულელე ეთქვა, ეს იყო სრული ჭეშმარიტება, ეს დამოკიდებულება იყო. დღეს აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, ქვეყნის შიგნითაც, მსოფლიოშიც, ხედავთ რა პროცესებიც მიდის. არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს… დაგისვით შეკითხვა და ვერ გამეცით პასუხი. მითხარით ერთი კონკრეტული მაგალითი, რა იყო გავრცელებული არასწორად, სიცრუე და ა.შ.?
ეს დამოკიდებულება ზოგადად, ქვეყანასთან მიმართებით, არ არის პირველი შემთხვევა, ეს არასამართლიანი დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ყველა ქვეყანას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებსაც პატივს ვცემთ, მაგრამ პატივი უნდა სცენ ჩვენს დამოუკიდებლობას, ჩვენს სუვერენიტეტს. ვიღაც შეიძლება უფრო დიდი ქვეყანა იყოს, უფრო დიდი ეკონომიკით იყოს, მაგრამ უფლება არ აქვს, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაერიოს. რაც გაჟღერდა „იმედთან“ და „პოსტივისთან“ დაკავშირებით, ეს არის არასამართლიანი დამოკიდებულება. რომ ჩავიდეთ და ვიკითხოთ ძირეულად, რა არის პრობლემა, რატომ აღნიშნული ტელევიზიები? პასუხი არ არსებობს, არ არსებობს არგუმენტი“, – განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“.
გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები მოიცავს აქტივების გაყინვას, აქტივების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას.
სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აღნიშნული მაუწყებლები „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

