პოლიტიკა ციტატა

,, ისინი უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ – ეს ამავე დროს მკაფიო გზავნილია ყველასთვის, რომ ისინიც გაიზიარებენ იმავე ბედს, ვინც კვლავ აფილირებულია ამ რეჟიმთან ” – გრიგოლ გეგელია „იმედისა“ და POSTV-ს დასანქცირებაზე

ეს არის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გაკეთებული ძალიან მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ „იმედი“ და „პოსტვ“, რომლებიც აფილირებული არიან „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმთან, ამავე დროს, ღიად არიან ჩართულები რუსეთის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივანმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც დიდი ბრიტანეთის მხრიდან ტელეკომპანიების „პოსტვ“-სა და „იმედის“ დასანქცირება შეაფასა.

გეგელიას შეფასებით, ეს ორი არხი „უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ“.

„ეს არის გაერთიანებული სამეფოს მხრიდან გაკეთებული ძალიან მკაფიო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ორი არხი, რომელიც აფილირებულია „ქართული ოცნების“ ბოროტმოქმედ რეჟიმთან, ამავე დროს, ღიად არის ჩართული რუსეთის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებაში. ასევე, მონაწილეობენ იმ ჰიბრიდულ ომში, რომელსაც აწარმოებს რუსეთის ფაშისტური ფედერაცია არა მარტო უკრაინის, არამედ ცივილიზებული თანამეგობრობისა და დასავლეთ ჰემისფეროს წინააღმდეგ. ამ სიაში მოხვედრა იმის დასტურია, რომ როგორც „იმედი“, ასევე, „პოსტვ“ მონაწილეობენ რუსულ გავლენის სპეცოპერაციაში, რომელიც რუსეთისთვის ხელსაყრელ ეროვნულ მიზნებსა და ამოცანებს ემსახურება სრულად ცივილიზებული სამყაროს მასშტაბით.

ვფიქრობ, ისინი უფრო ადრეც უნდა დაესანქცირებინათ, მაგრამ მივესალმები ახლა მათ დასანქცირებას. ეს ამავე დროს, ძალიან მკაფიო გზავნილია ყველა სხვადასხვა მხარისთვის, რომ ისინიც გაიზიარებენ იმავე ბედს, ვინც კვლავ აფილირებულია ამ რეჟიმთან.

გაერთიანებული სამეფო, ევროპული კავშირის სახელმწიფოები და ამერიკის შეერთებული შტატები მყარად დგანან და იდგებიან იმ ცივილიზაციური მონაპოვრის დაცვის სამსახურში, რასაც წარმოადგენს თანამედროვე პროგრესული ღირებულებები – მშვიდობა, კეთილდღეობა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი. ანუ ყველაფერი, რასაც „ქართული ოცნების“ რეჟიმი და მარიონეტები ხელაღებით უარყოფენ“,- განაცხადა გეგელიამ.

ცნობისთვის, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთს მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმედი და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

იტვირთბა....