უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხი წლისთავთან დაკავშირებით მიმართვა გამოაქვეყნა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა ომის პირველი დღეები, როდესაც ბუნკერიდან მუშაობდა და მსოფლიო ლიდერებთან კოორდინაციას ახდენდა იარაღის, მედიკამენტებისა და საკვების მიწოდებას.
„დღეს ზუსტად ოთხი წელი გავიდა, მას შემდეგ, რაც „პუტინმა კიევი სამ დღეში აიღო“ და ეს ბევრს ამბობს ჩვენს წინააღმდეგობაზე, იმაზე, თუ როგორ იბრძვის უკრაინა ამ დროის განმავლობაში. ამ სიტყვების უკან ჩვენი მილიონობით ადამიანია. ამ სიტყვების უკან დიდი სიმამაცე, ძალიან მძიმე შრომა, გამძლეობა და გრძელი გზაა, რომელსაც უკრაინა 24 თებერვლიდან გადის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიუხედავად გამუდმებული ტერორისა, უკრაინელები სიძულვილს ძალად გარდაქმნიან.
„ამ დროის განმავლობაში ჩვენ არ ვუშვებთ, რომ რისხვამ შიგნიდან შეგვჭამოს. უკრაინელები საკუთარ ტკივილს ბრძოლის ენერგიად აქცევენ. ამტკიცებენ, რომ შეიძლება გვაიძულონ დამალვა, მაგრამ შეუძლებელია უკრაინა სამუდამოდ მიწისქვეშ ჩამარხო“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, პუტინი მიხვდა, რომ უკრაინას ბრძოლის ველზე ვერ დაამარცხებს, ამიტომ ელექტროსადგურებს და საცხოვრებელ შენობებს ბომბავს.
„პუტინი მიხვდა, რომ ბრძოლის ველზე უკრაინის დამარცხება არ შეუძლია, და მსოფლიოს მეორე არმია მაღალსართულიან შენობებსა და ელექტროსადგურებს ებრძვის. ახლა უკრაინელები ისტორიაში ყველაზე მძიმე ზამთარს და ყოველდღიურ ტერორს უძლებენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა გამოთქვა სურვილი, რომ აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას ესტუმროს.
„მსურს, რომ ერთ დღეს აქ ამერიკის პრეზიდენტთან ერთად მოვიდე. დარწმუნებული ვარ, მხოლოდ უკრაინაში ჩამოსვლით და ჩვენი ცხოვრებისა და ბრძოლის პირადად დანახვით, ჩვენი ხალხის და ამ ტკივილის ოკეანის შეგრძნებით შეიძლება გაიგო, რაზეა ეს ომი და ვინ არის მასში დამნაშავე. პუტინი – ეს ომია. პუტინი არის მიზეზი იმისა, რომ ომი დაიწყო, და ასევე დაბრკოლება მის დასასრულამდე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ნებისმიერი შეთანხმება უკრაინელებმა უნდა მიიღონ.
„გვინდა მშვიდობა, მტკიცე, ღირსეული, ხანგრძლივი მშვიდობა. არ უნდა დავთმოთ, დავივიწყოთ ან ვუღალატოთ ამ წლებს. სწორედ ამიტომ არის მოლაპარაკებების იმდენი რაუნდი და ბრძოლა ყოველ სიტყვაზე, ყოველ პუნქტზე, ყოველ რეალურ უსაფრთხოების გარანტიაზე. შეთანხმება არა მხოლოდ ხელმოწერილი, არამედ უკრაინელების მიერ მიღებული უნდა იყოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

