ბრაზილიის, საფრანგეთის, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, კატარის, ესპანეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები გმობენ ისრაელის გადაწყვეტილებას, რომელიც, მათი თქმით, დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის უკანონო კონტროლის ფართომასშტაბიან გაფართოებას გულისხმობს.
ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ დასახლებების ხელშეწყობისკენ მიმართული გადაწყვეტილებები „საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა“, ასევე ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მათივე თქმით, ისრაელის ქმედებები ასევე ძირს უთხრის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მცდელობებს, საფრთხეს უქმნის რეგიონული ინტეგრაციის ნებისმიერ მნიშვნელოვან პერსპექტივას.
„ეს ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინელების იძულებით განდევნას მათი მიწებიდან და ისრაელის უკანონო ანექსიის მცდელობების დაჩქარებას, წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევას და ბათილია. ისრაელს არ აქვს სუვერენიტეტი ოკუპირებულ პალესტინის ტერიტორიებზე“, – ნათქვამია განცხადებაში.
მედიის ცნობით, 15 თებერვალს ისრაელმა დამატებითი ზომები დაამტკიცა ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის კონტროლის გასამკაცრებლად, რაც ისრაელელებისთვის რეგიონში მიწების შეძენის პროცედურას გაამარტივებს.

