ახალი ამბები

ირანში საპროტესტო აქციები განახლდა – სტუდენტები აიათოლა ხამენეის „მკვლელ ლიდერს“ უწოდებენ

ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქალაქ მაშჰადში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად ირანელი სტუდენტების მასობრივი საპროტესტო აქციებიც განახლდა. უკვე მეორე დღეა, სამართალდამცავებთან ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება.

თეირანის შარიფის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში დემონსტრანტებმა ქვეყნის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „მკვლელ ლიდერად“ გამოაცხადეს და სისტემის სრული დემონტაჟი მოითხოვეს. ეს მაშინ, როცა ოფიციალური სახელმწიფო მედია ძალადობას პროვოკატორებს აბრალებს, რომლებიც, მათი მტკიცებით, სამთავრობო ძალების მხარდამჭერებს ესხმიან თავს.

აღსანიშნავია, რომ არეულობის ხელახლად დაწყება დროში პირდაპირ ემთხვევა რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების უპრეცედენტო სამხედრო კონცენტრაციასა და ვაშინგტონთან მიმდინარე ბირთვულ მოლაპარაკებებს. ამასთან, ეს არის დეკემბერ-იანვარში დაწყებული აქციების გაგრძელება. იმ დემონსტრაციების, რომლებიც ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო. ანალიტიკოსების შეფასებით, სტუდენტების მიერ ემიგრაციაში მყოფი შაჰის მემკვიდრის, რეზა ფეჰლევის მონარქად მოწვევა მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოება არსებული სასულიერო მმართველობის ალტერნატივას უკვე აქტიურად და ღიად ითხოვს.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება უმძიმეს მდგომარეობაშია აღმოჩენილი. ერთის მხრივ, ის შიდა პოლიტიკური ლეგიტიმაციის კრიზისის წინაშე დგას, მეორეს მხრივ კი, მოქცეულია დასავლეთის კოორდინირებული წნეხის ქვეშ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რეჟიმის შიდა სისუსტე და მზარდი არეულობა ამერიკულ მხარეს ხუთშაბათს, ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებებისას ზეწოლის დამატებით ბერკეტს მისცემს და თეირანს ბირთვულ დათმობებზე დათანხმებას აიძულებს.

იტვირთბა....